სეს-ი მოსახლეობას მოუწოდებს არ შეიძინონ მალფუჭებადი პროდუქტები ისეთ ადგილას, სადაც შესაბამისი პირობები არ არის დაცული

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სააგენტო მოსახლეობას აღნიშნული პროდუქტების შენახვის პირობებს ახსენებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები.
ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-იდან 6 გრადუსამდე);
ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას; ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ხორცის წარმომავლობისა და სარეალიზაციო ვადების შესახებ.
ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის (რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზპროდუტები) გამოყენებით, ადამიანის დაავადების რისკი მაღალია. ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები“, – აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში.