გერმანიას საქართველო 2023 წლიდან უსაფრთხო ქვეყნად ჰყავს გამოცხადებული – ახლა გერმანული სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს „თავისუფალ ქვეყნად“ მიჩნევა შეუთავსებელია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამასთან დაკავშირებით „სერიოზული ეჭვები“ არსებობს.
დღეს, 2025 წლის 21 მარტს ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ამჟამად განიხილავს საქმე ქართველი წყვილის შესახებ, რომელთაც გერმანიის ხელისუფლებამ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განუცხადა. წყვილმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
სასამართლოს თანახმადვე, წყვილი მუშაობდა საჯარო სექტორში, სხვადასხვა სამსახურში: ქმარი გაათავისუფლეს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციებზე დგომის გამო, ცოლს კი აქციებზე სიარულის გამო საყვედური გამოუცხადეს. ისინი გერმანიაში გაემგზავრნენ და თავშესაფარი მოითხოვეს.
2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა, რამაც თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების ბედზე იმოქმედა – უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის მიღების დაბალი შანსი აქვთ და დეპორტაციის რისკის წინაშე დგანან.
· გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2024 წელს გერმანიიდან საქართველოში 1600-ზე მეტი ადამიანის დეპორტაცია მოახდინეს.
· 2023 წელს კი გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მხოლოდ 0,3% დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება 2023 წელს საქართველოს, – ასევე მოლდოვის, – უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადების შესახებ გერმანიის მთავრობამ მიიღო. ჯერჯერობით მთავრობას ეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
თუმცა, როგორც სასამართლო წერს, ორივე ადამიანის შემთხვევაში, – რომელთა საქმეებიც ცალ-ცალკე განიხილა, – შუალედურ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიჩნევასთან დაკავშირებით „სერიოზული ეჭვები“ არსებობს.
გერმანიის სასამართლოს წარმომადგენელმა გამოცემა „დოიჩე ველეს“ განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ნიშნავს, ქართველ წყვილს გერმანიაში დარჩენის უფლება ექნება მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
სასამართლო დასაბუთებისას მიუთითებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე:
· წერს, რომ ეს ორი ტერიტორია არ არის ცენტრალური მთავრობის კონტროლის ქვეშ;
· შემდეგ კი ციტირებს ლუქსემბურგში მდებარე ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებას მოლდოვის შესახებ, სადაც ამბობს, რომ მესამე ქვეყანა არ შეიძლება უსაფრთხოდ იქნას ჩათვლილი, თუკი მისი ტერიტორიის ნაწილები არ არის უსაფრთხო;
· ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხაზს უსვამს, რომ იქ არის მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების მხრივ: ვერ ხორციელდება დევნილთა დაბრუნების უფლება, გადაადგილების თავისუფლება, შეზღუდულია პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლებები და ხდება ეთნიკური დისკრიმინაცია;
· ასევე, მიუთითებს, რომ „ღიად დგას საკითხი, შეიძლება თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად იქნას მიჩნეული, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ლგბტქ+ ადამიანების შესაძლო დევნის გათვალისწინებით“.
ფორუმი
