პროტესტი გაგრძელდება, პროტესტი არ შეწყდება არც 29 დეკემბერს, არც 30 დეკემბერს და არც 1-ელ იანვარს – გარდაუვალი ფაქტია, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი გაზაფხულს არ გადაშორდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელახალი არჩევნების ჩატარების წესების შესახებ დოკუმენტი წინასწარ საჭიროა იმისთვის, რომ არჩევნების თარიღის გაგების შემდეგ, ქვეყანა მის ჩასატარებლად მზად იყოს.
„პრეზიდენტსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კომუნიკაცია, კოორდინაცია უწყვეტად მიმდინარეობს. გუშინ, პოლიტიკურმა პარტიებმა და პრეზიდენტმა ერთმანეთს ინფორმაცია, მოსაზრებები გავუცვალეთ. დღეს საკითხების გავლა გაგრძელდება და საღამოს პრეზიდენტი გარკვეულ განცხადებებს გააკეთებს. რა თქმა უნდა, ეს ეხება ახალი არჩევნების ჩატარების წესებს, პირობებს. მე ყოველთვის ვერიდები თარიღების დასახელებას იმიტომ, რომ ეს არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ რამდენიმე რამე ვიცით უტყუარად, კერძოდ ის, რომ პროტესტი გაგრძელდება, პროტესტი არ შეწყდება არც 29 დეკემბერს, არც 30 დეკემბერს და არც 1-ელ იანვარს. პროცესი გაგრძელდება, ზუსტად, არავინ იცის ახალი არჩევნები როდის ჩაინიშნება, მაგრამ ფაქტია, რომ იმ რეჟიმს, რომელსაც დასავლეთში არავინ არ აღიარებს, (რამდენიმე ოდიოზური ავტორიტარული რეჟიმის გარდა,) ასევე, ქვეყნის შიგნით მოსახლეობა არ აღიარებს, რა თქმა უნდა, გარდაუვალი ფაქტია, რომ ახალი არჩევნები მოხდება. მე პირადად ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი გაზაფხულს არ გადაშორდება.
არც პრეზიდენტი, არც პოლიტიკური პარტიები თანხმდება და არც საქართველოს მოქალაქე არ დათანხმდება იმას, რომ „მოდით უბრალოდ გადავითამაშოთ არჩევნები“ და ისევ ივანიშვილმა თავისი ლილუაშვილის სუს-ით, გომელაურის შსს-ით და კალანდარიშვილის ცესკოთი არჩევნები ჩატარდეს. მაპატიეთ, მაგრამ ეს სისულელეა. ამის ილუზია რეჟიმს არ უნდა ჰქონდეს.
თუ ახალი არჩევნები ჩაინიშნა (და აუცილებლად ჩაინიშნება), ეს არის უკვე რეჟიმის რღვევის საბოლოო შედეგი. ამ შემთხვევაში, საუბარი აღარ იქნება იმაზე, რომ ისევ გომელაური ან კალანდარიშვილი ატარებს არჩევნებს. ეს იქნება შეთანხმების თუ მოლაპარაკების ნაწილი, როდესაც სრული დეპოლიტიზება მოხდება. ამას არანაირი კანონი არ უნდა, როდესაც რეჟიმი მარცხდება, მიდის დათმობაზე. არცერთი აღნიშნული უწყება აღარ იქნება „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ, იქნება ნეიტრალური და ესეც იქნება ე.წ შეთანხმების ნაწილი.
როდესაც ახალი არჩევნები ჩაინიშნება, ამ არჩევნებს სჭირდება თავისი ჩატარების წესები. მერე ხომ არ უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი?! – ამიტომ ეს უნდა იყოს მზად. არავის წარმოუდგენია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ჩაატაროს არჩევნები, ეს უბრალოდ არ მოხდება. ამასთან, „შარლ მიშელი 2“, ამ ქვეყანაში არ მოხდება!“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
როგორც ჩიხლაძემ განმარტა, რეალურად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხედავენ ხალხის პროტესტს, მაგრამ ისინი საქართველოს მოქალაქეებს „აიგნორებენ“.
„ვფიქრობ, რომ [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს] ძალიან კარგად ესმით ყველაფერი, მაგრამ აიგნორებენ [ხალხს]. ადამიანებს შეეხოთ საერთაშორისო სანქციები, ისინი დასანქცირდნენ, ეს ნიშნავს მაგალითად იმას, რომ მსოფლიოში გომელაურს არავინ ხელს არ ჩამოართმევს, შეიძლება ირანშიც და ბელარუსშიც კი არ ჩამოართვან ხელი. სანქცირებულ ე.წ. მინისტრს რომელი ბიზნესმენი ჩამოართმევს ხელს? ან ქვეყნის რომელი მეთაური ან მინისტრი? – წარმოიდგინეთ, ამას აიგნორებენ“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.
