საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნების დროს სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული დესტრუქციული მოქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლო, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ დსთ-ს წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, აქ ხელისუფლების გამძლეობა უნდა ვაღიაროთ, მათ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები ნამდვილად დაიცვეს“, – განაცხადა შოიგუმ.
ამასთან, მისი თქმით, „სამხრეთ კავკასიაში ვითარება სტაბილური გახდა და რუსეთის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ ბოლომდე მოუგვარებელ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია“.
„დიდი წვლილი მონაწილე ქვეყნებს მიუძღვით. რა თქმა უნდა, რუსეთს ვგულისხმობ, რადგან შეიძლება ვინმეს შთაბეჭდილება შეექმნას, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მერვე ან მეცხრე კონფლიქტი მოაგვარა, აშშ იყო“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.




