სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე სესიაზე მმართველმა კოალიციამ დღის წესრიგი დაამტკიცა, რის შემდეგაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სპიკერის მიმართულებით გაემართნენ. დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მათ სპიკერთან მიახლოების საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ამავე სესიაზე იგეგმებოდა უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების ზრდის შესახებ კანონის მიღება. ეს სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
სერბეთში საპროტესტო აქციები გასული წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყო რკინიგზის სადგურზე ბეტონის ფილის ჩამონგრევის გამო, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.