სერბეთის პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა მასობრივი არეულობა მოაწყვეს

4 მარტს ნაშუადღევს სერბეთის პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა მასობრივი არეულობა მოაწყვეს. ინციდენტის დროს გამოიყენეს კვამლის ყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩს წყალი შეასხეს. შედეგად საავადმყოფოში მოათავსეს სამი დეპუტატი ქალი, რომელთაგან ერთი რვა თვის ორსულია.
ადგილობრივი გამოცემა Danas-ის ცნობით, 4 მარტს ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცადეს, ჩაეშალათ პარლამენტის სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ ცვლილებების შეტანა უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდებისთვის საბინაო სესხების შესახებ კანონებში. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოსმენებს ბოიკოტი გამოუცხადეს და საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდეს ხალხს.
კონფლიქტის დროს ისინი გაემართნენ სპიკერის, ანა ბრნაბიჩისკენ, მაგრამ დაცვამ გააჩერა ისინი. ამის შემდეგ დარბაზში გაჩნდა პლაკატები ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებით, ისროლეს პიროტექნიკა და კვამლის ყუმბარები.
ბრნაბიჩის ინფორმაციით, არეულობის შედეგად დაშავდნენ დეპუტატები იასმინა ობრადოვიჩი, იასმინა კარანაცი და სანია ილიჩი. ობრადოვიჩს ინსულტი დაემართა და ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. კარანაცი თავის არეში დაიჭრა. ორსული ილიჩის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
ინციდენტის მიუხედავად, პარლამენტის სხდომა გაგრძელდა. პარალელურად პარლამენტის შენობის წინ შეკრება დაიწყეს აქციის მონაწილეებმა.
სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 2024 წლის შემოდგომიდან გრძელდება. ისინი დაიწყო ნოვი-სადში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როცა რკინიგზის სადგურთან ბეტონის საფარის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეები დამნაშავეების დასჯას და ქვეყნის ხელმძღვანელობის, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის, გადადგომას ითხოვენ. 2025 წლის იანვარში საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი.
ფორუმი