სენატორი ჯინ შაჰინი – ძალიან შემაშფოთა ინფორმაციამ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ – ის იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე ე.წ. “უცხოეთის აგენტის” შესახებ კანონს, თუკი მას პარლამენტი დაამტკიცებს? , – ამ კითხვით მიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა, “ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” – USAID-ის ხელმძღვანელ სამანტა პაუერს.
მან განცხადებაში შეშფოთება გამოთქვა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთში მიღებული კანონის მსგავსია.
“მე ძალიან შემაშფოთა გასულ კვირას ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ხელახლა წარმოადგინა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც გაამკაცრებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ის იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს ამერიკის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, თუ საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ?”, – მიმართა სენატორმა შაჰინმა სამანტა პაუერს, რომელიც სენატის წინაშე სააგენტოს წლიური ბიუჯეტსა და პრიორიტეტებზე სასაუბროდ წარდგა.
USAID-ის ხელმძღვანელის თქმით, “უცხოელი აგენტის” შესახებ კანონის ადგილი, ევროპაში არ არის და გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვვის თავისუფლებაზე.
“ჩვენ ვიხილეთ, რომ ს უცხოეთის აგენტის კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მის შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანს თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად, უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არა მხოლოდ აღიარებული, არამედ ასევე – დაცულიც”, – განაცხადა სამანტა პაუერმა სენატორ შაჰინის კითხვაზე პასუხად.
სენატორმა ჯინ შაჰინმა, იმედი გამოთქვა, რომ “საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, მხარი დაუჭიროს იმას, რაც საქართველოს ხალხს სურს.” ეს კი, მისი თქმით, არის “სვლა ევროპისკენ და უფლებები, რაც თან ახლავს დემოკრატიას, სრულ დემოკრატიას.”
ინფორმაციას “ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ავრცელებს.