სენატორი მაკკონელი: „ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფება

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა საქართველოს პარლამენტში სამი მოსმენით მიღებულ ე.წ. აგენტების კანონს „რუსული” უწოდა, „ქართული ოცნება” კი „მოსკოვისთვის ხელსაყრელ პარტიად” მოიხსენია.
სენატში მაკკონელის გამოსვლის ტექსტი 22 მაისს, „ამერიკის ხმამ” გამოაქვეყნა.
რესპუბლიკელი სენატორის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისკენ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას განადგურებით ემუქრება და დემოკრატიულ ფუნდამენტს არყევს, მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების მიზნით, კი პარტია „ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები.
მიტჩ მაკკონელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი პოლიტიკური ოპოზიციაა, ის თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქრონიკულად დაყოფილია:
„პარტიული ლიდერების უსუსურობის მიუხედავად, ათასობით ქართველი ქუჩებში გამოვიდა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. სრულიად აშკარაა მათი თვითგამორკვევისა და ს გავლენისგან გათავისუფლების სურვილი. გამოკითხვებში ხუთიდან ოთხი ქართველი ამბობს, რომ მათ მკაფიოდ ევროპული მომავალი სურთ. მათ სწამთ, რომ დასავლეთის სამეზობლოში თავის დამკვიდრება დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, სადაც უპირატესია კანონის უზენაესობა, მათ საუკეთესო ინტერესშია”.
სენატორ მაკკონელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, საით აიღებს კურსს საქართველო – აღმოსავლეთით, თუ დასავლეთის მიმართულებით:
„ჩვენივე ინტერესებშია, დავდგეთ იმ თავისუფალი ადამიანების გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როგორიცაა პუტინი და სი ძინპინი. ეს ეხება ტაივანსა თუ ს, ესტონეთსა თუ იაპონიას. ასეა საქართველოსთვისაც. ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი და არა იმის მიხედვით, თუ რას უკარნახებენ მათ მოსკოვისთვის ხელსაყრელი პარტიის ხელმძღვანელები”.
რესპუბლიკელმა სენატორმა ილაპარაკა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზეც: „რატომ არიან რუსები შეპყრობილი საქართველოს მომავლის გაკონტროლების იდეით? ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პუტინის ნეოიმპერიალისტური ფანტაზია. გეოგრაფია მნიშვნელოვანია. ათასწლეულების განმავლობაში, საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე ცივილიზებული სამყაროს გზაჯვარედინზე იდგა. ეს კრიტიკული რესურსების საკვანძო სატრანზიტო პუნქტია. დღეს ის სომხეთთან ერთად, სასურველ სახმელეთო ხიდს წარმოადგენს, რომელიც ავტორიტარ პარტნიორებს აკავშირებს მოსკოვსა და თეირანში”.
მაკკონელის განცხადებით, ქართველ ხალხს აქვს კონფლიქტებისა და დაპყრობების ხანგრძლივი ისტორია, გამძლეობის ხანგრძლივი ტრადიცია და მდიდარი კულტურა, რომლითაც უნდა იამაყონ:
„მათ იციან, რომ არსებობს განსხვავება რუსეთისთვის თავის დახრასა და დასავლეთისკენ მიბრუნებას შორის. ასე რომ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს მთელი დასავლეთის მასშტაბით, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ის მომენტი, რომლითაც იამაყებენ. მომენტი, როცა რუსეთის ჩარევის მიმართ წინააღმდეგობა წვრილმან უთანხმოებებს გვერდზე გადაადებინებს და გააერთიანებს”.
ამერიკელი სენატორის თქმით, „ეს უნდა იყოს მომენტიც, როცა საქართველოს მმართველი პარტია გააცნობიერებს თავისი ხალხის ნების უგულებელყოფის საფასურს, რაც პუტინის ახირებების შესრულების მიზნით ხდება და დროულად შეაჩერებს დასავლეთთან ურთიერთობის წყალში გადაყრის პროცესს”.
მიტჩ მაკკონელს იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პირები ქვეყნის სუვერენიტეტს რუსეთისადმი მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ და „რუსულ კანონს” პარლამენტიდან გაიწვევენ.
ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, -ის და ევროკავშირის არაერთი დაჟინებული მოწოდების და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება არ აპირებს უარი თქვას „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში აპირებს.
დასავლეთის სახელმწიფოებში უკვე განიხილავენ სანქციებს და სხვა შემზღუდავ ზომებს, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონის ამოქმედებას მოჰყვება.
„ქართული ოცნება” კანონპროექტის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს და საერთოდაც გააუქმოს ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ. ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა მსგავსი კანონის მიღების შემდეგ.
ფორუმი