სენატის „რესპუბლიკელების“ ლიდერი „ოცნებას“ რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

„საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს პუტინის ახირებების შესასრულებლად თავისი ხალხის ნების იგნორირების ფასი და შეწყვიტოს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება“, — განაცხადა -ის სენატის „რესპუბლიკელების“ ლიდერმა მიჩ მაკკონელმა.
რესპუბლიკელების ლიდერმა დემოკრატიის წინაშე არსებულ გლობალურ საფრთხეებზე, მათ შორის საქართველოში შექმნილ ვითარებაზე სენატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მან თქვა, რომ დასავლეთის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის გამოწვევა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტაივანის სრუტით და უკრაინით.
„ჩინეთის ვალის ხაფანგები და ს უსაფრთხოების ძალები აფართოებენ მავნე გავლენას ცენტრალური აზიიდან აფრიკამდე და ჩვენს დასავლეთ ნახევარსფერომდე. რუსეთის მცდელობები დემოკრატიის ჩახშობისა და თავისუფალი საზოგადოებების თავის კონტროლქვეშ დასაბრუნებლად, ალბათ, ყველაზე თვალშისაცემია ევროპის საზღვრებთან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბორკილაყრილმა ერებმა დიდწილად აირჩიეს თავისუფლება და იმუშავეს დემოკრატიული მთავრობებისა და დასავლეთზე ორიენტირებული საზოგადოებების შესაქმნელად. ნეოსაბჭოთა იმპერიალისტები კრემლში ამას საფრთხედ აღიქვამენ“, — თქვა მიჩ მაკკონელმა.
ამ კონტექსტში მან ისაუბრა საქართველოზე და თქვა, რომ ხელისუფლების ძალაუფლების წყურვილი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიას.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების გამყარების მცდელობისას ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ანადგურებს. პოლიტიკური ოპოზიცია კი, სენატორის თქმით, დიდი, მაგრამ დაყოფილია.
„მიუხედავად მათი უსუსური პარტიული ლიდერებისა, ათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩებში საპროტესტო აქციაზე. აშკარაა მათი თვითგამორკვევისა და რუსული იძულებისგან განთავისუფლების სურვილი. ხუთი ქართველიდან ოთხი ამბობს, მათ სურთ ევროპული მომავალი. მათ სჯერათ, რომ დასავლეთში, დემოკრატიულ ქვეყნებს შორის მტკიცედ დამკვიდრება, სადაც კანონის უზენაესობა ჭარბობს, მათ საუკეთესო ინტერესებშია“, — განაცხადა „რესპუბლიკელების“ ლიდერმა.
მიჩ მაკკონელის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო აღმოსავლეთით გაიხედავს თუ დასავლეთით.
„თავისუფალ ხალხებთან დგომა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტირანების აგრესიას, როგორიცაა პუტინი ან სი ძინპინი, ჩვენს ინტერესებშია. ეს ეხება ტაივანსა და ს, ესტონეთსა და იაპონიას. და ეს ასეა საქართველოსთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად დაწერონ საკუთარი მომავალი და არა — მოსკოვის რჩეული პარტიების ხელმძღვანელების კარნახით“, — თქვა მან.
მაკკონელმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეპყრობილობა საქართველოს მომავლის კონტროლით უფრო მეტია, ვიდრე პუტინის ნეოიმპერიალისტური ფანტაზიის მოქმედება:
„გეოგრაფიას აქვს მნიშვნელობა. ათასწლეულების მანძილზე საქართველო და მისი შავი ზღვის სანაპირო ცივილიზებული სამყაროს გზაჯვარედინზე დგას. ეს არის სატრანზიტო წერტილი კრიტიკული რესურსებისთვის. დღეს კი, სომხეთთან ერთად, ის არის მომხიბვლელი სახმელეთო ხიდი მოსკოვისა და თეირანის ავტორიტარი პარტნიორების დასაკავშირებლად. საქართველოს ხალხს კონფლიქტებისა და გამარჯვებების ხანგრძლივი ისტორია აქვს. მათ აქვთ გამძლეობის ხანგრძლივი ტრადიცია და მდიდარი კულტურა, რომლითაც უნდა იამაყონ. და მათ იციან, რომ არსებობს განსხვავება რუსეთსა და დასავლეთსა შორის. ასე რომ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს მთელს დასავლეთში, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ის მომენტი, რომლითაც ისინი შეძლებენ, კიდევ უფრო მეტად იამაყონ. მომენტი, როდესაც რუსული ძალმომრეობის მოწინააღმდეგეები წვრილმან განსხვავებებს გვერდზე დებენ და ერთიანდებიან. რა თქმა უნდა, ეს ასევე უნდა იყოს მომენტი საქართველოს მმართველი პარტიისთვის, რომ გააცნობიეროს პუტინის ახირებების შესასრულებლად თავისი ხალხის ნების იგნორირების ფასი. და შეწყვიტოს ურთიერთობის გაფუჭება დასავლეთთან. იმედი მაქვს, თბილისში ხელისუფლებაში მყოფები სუვერენიტეტს მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ და „რუსულ კანონს“ პარლამენტიდან გაიწვევენ“.