სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით პროექტის განხორციელება დაიწყო

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა დაიწყო პროექტის განხორციელება სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“.
ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის პარტნიორები არიან: ს საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი “პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C) (პოლონეთი).
„პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში. მარეგულირებელი ბაზის შესწავლა, ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, პროექტის ადგილობრივი მონაწილეების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი www.v4share.com
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ კვლევითი დოკუმენტის შემუშავება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითების მომზადება, ვიშეგრადის ქვეყნების პარტნიორების მიერ სტატიების მომზადება, საგანმანათლებლო ღონისძიებების -ტრენინგებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება. პროექტის სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი 2025 წლის თებერვალში დასრულდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.