სეზონის დროს პლაჟზე ხერხის და ჩაქუჩის ხმა არ უნდა ისმოდეს, თადარიგი უნდა დაიჭირო – ბიზნესი აჭარაში სეზონის გახსნაზე

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. 2-დღიან ფესტივალზე ღონისძიებებისთვის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 250 000 ლარს დახარჯავს.
ზაფხულის სეზონს აჭარა განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ სეზონის გახსნამდე სამუშაოების დასრულება მაინც ვერ მოხერხდა და პროცესები როგორც ყოველ წელს მაინც მიმდინარე რეჟიმშია.
“რუბუშ ჰოსპიტალიტი გრუპ”-ის საინვესტიციო მრჩეველი თემურ დიასამიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით მთავრობა თადარიგს არცერთ წელს არ იჭერს, შესაბამისად, მაგალითად ბათუმში სეზონი კი ხვალ იხსნება, მაგრამ საპლაჟო ინფრასტრუქტურა მაინც რეაბილიტაციის პროცესშია.
“საპლაჟე ინფრასტრუქტურა ჯერ მზად არ არის, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ნაპირსამაგრი სამუშაოები მიდის, ფაქტობრივად გადათხრილია იქაურობა. ასევე ძველ ბულვარში პროექტების რაღაც რაოდენობა მზად არის და ალბათ უახლოეს პერიოდში დასრულდება. ყოველ წელს ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ და იგივე პრობლემები გვაქვს, ინიციატივა უნდა გამოიჩინო, რომ ცოტა ადრე მომზადდეს ეს ყველაფერი და ივლისში ელექტრო ხერხის და ჩაქუჩის ხმა არ ისმოდეს პლაჟზე,” – ამბობს “რუბუშ ჰოსპიტალიტი გრუპ”-ის საინვესტიციო მრჩეველი თემურ დიასამიძე.
რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს, თემურ დიასამიძის თქმით, აჭარაში ტურისტები შეიმჩნევა თუმცა მცირე რაოდენობით. მისი თქმით, ძირითადი დატვირთვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოდის.
“ძირითადად ქუჩაში შესამჩნევი არ არის დიდი ჯგუფები, მაგრამ ასე თუ ისე ჩამოსული ადამიანები შეიმჩნევა. ეს არის მხოლოდ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები – ეს კონტინგენტი 99%-ის, თუმცა ესეც არ არის ის რაოდენობა, რომელიც სასურველი იქნებოდა ამ პერიოდისთვის.
იმაზე საუბარი, რასაც ხშირად ამბობენ, რომ 10%-იანი და 15%-იანი ზრდა გვაქვს, ჩემი აზრით, ეს ძალიან შორს არის რეალობიდან,” – ამბობს დიასამიძე.

ასევე დაგაინტერესებთ