სებ-მა მიმოქცევიდან 482.5 მლნ ამოიღო, რეფინანსირების სესხებით 16.162 მლრდ ჩაუშვა – მიხეილ თოქმაზიშვილის განმარტება ლარის მიწოდება-ამოღებაზე

16 მაისიდან დღემდე, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, შედეგად, მიმოქცევიდან დაახლოებით 482.5 მილიონი ლარი ამოიღო. თუმცა, ამის პარალელურად 16 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით მიმოქცევაში დამატებით 16.162 მლრდ ლარზე მეტი ჩაუშვა რეფინანსირების სესხების სახით.
რეფინანსირების აუქციონზე გაცემული სესხების მოცულობა: (სესხები 7-დღიანი ვადით გაიცემა კომერციულ ბანკებზე)
16 მაისი – 2.415 მლრდ ლარი
23 მაისი – 2.872 მლრდ ლარი
30 მაისი – 3.795 მლრდ ლარი
6 ივნისი – 3.680 მლრდ ლარი
13 ივნისი – 3.400 მლრდ ლარი
სავალუტო აუქციონები:
16 მაისი – 60 მლნ დოლარი
28 მაისი – 48.7 მლნ დოლარი
11 ივნისი – 60 მლნ დოლარი
ზოგადად, რეფინანსირების სესხი აქტიურად გამოიყენება ცენტრალური (ეროვნული) ბანკების საქმიანობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი 7-დღიან რეფინანსირების სესხებს გასცემს. ამ ინსტრუმენტით ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ლიკვიდობას აწვდის, ანუ მათ საჭირო ნაღდი ფულით უზრუნველყოფს. რეფინანსირების სესხის მისაღებად კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების გირაო უნდა წარადგინოს.
როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რაც ნიშნავს ერთი ხელით ბაზრიდან ლარის ამოღება სავალუტო აუქციონების შედეგად და მეორე ხელით მიმოქცევაში ლარის გაშვება რეფინანსირების სესხების საშუალებით. მართალია, ეს სესხები მოკლევადიანია, თუმცა ჯამში მისი მოცულობა საკმაოდ მაღალია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილ წევრსა და ანალიტიკოს, მიხეილ თოქმაზიშვილს ესაუბრა. როგორც თოქმაზიშვილი აღნიშნავს, სებ-მა შესაძლოა, ერთსა და იმავე დროს ბაზარს მიაწოდოს ლარი, მეორე მხრივ, ამოიღოს. ეს ნაბიჯები ძირითადად განპირობებულია რამდენიმე მიზეზით, კერძოდ, მისი თქმით, ეროვნულ ბანკს უწევს ფიქრი იმაზე, თუ რა რაოდენობის ლარი სჭირდებათ კომერციულ ბანკებს და აწვდის შესაბამისი რაოდენობას რეფინანსირებული სესხების სახით.
მანვე აღნიშნა, რომ რეფინანსირებული სესხებით ეროვნული ბანკი ხელს უწყობს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას და სესხის ბევრად უფრო ხელმისაწვდომობას. მისი თქმით, ამ ნაბიჯით სებ-ი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ცდილობს.
„პროცესები მუდმივად მიმდინარეობს ერთი და იმავე დროს შესაძლოა ხდებოდეს ლარის მიწოდებაც და ამოღებაც. ეს, ერთი მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, იმ მომენტში კომერციულ ბანკებს რამდენი სჭირდებათ, ხოლო მეორე მხრივ, საპროცენტო განაკვეთის შემცირების შედეგად ხელმისაწვდომი სესხებით ცდილობს ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.
თუმცა, ამის პარალელურად, ბოლო ერთი თვეა ლარი გაუფასურებას განაგრძობს. თოქმაზიშვილის თქმით, არსებობს რისკი იმისა, რომ გაუფასურებული ლარი გავლენას მოახდენს სასურსათო ფასებზეც. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ცდილობს შეაკავოს გაუფასურება და სავალუტო რეზერვები აუქციონზე გასაყიდად გამოაქვს.
„ეროვნული ბანკი ყურადღებას აქცევს ამჟამად არსებულ გაცვლით კურსს, რომელიც შესაძლებელია, ფასების ცვლილებაშიც გადაიზარდოს. ამიტომ მას უხდება, რომ, ერთი მხრივ, მიაწოდოს კომერციულ ბანკებს ლარი და მეორე მხრივ, უხდება იმაზე ფიქრი, რომ არ ამუშავდეს ისეთი ფაქტორები, რაც გააძვირებს პროდუქციას და გაზრდის სამომხმარებლო ფასებს. სწორედ ამით არის განპირობებული ის, რომ აწვდის რეფინანსირებულით ლარს და მეორე მხრივ იღებს და ამყარებს ლარს იმისთვის, რომ ეს არ აისახოს ფასებზე. შესაძლოა, გარკვეულ პერიოდში დომინანტური გახდეს ფასების შემცირება და მეტი ყურადღება დაეთმოს ფულის ამოღებას და არა მიწოდებას“, – აღნიშნავს მიხეილ თოქმაზიშვილი.
წყარო: BPN.GE

ასევე დაგაინტერესებთ