სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობა შეისწავლა. აუდიტმა შესყიდვების მიმართულებით ხარვეზები გამოავლინა. ერთ-ერთია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა. ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში სებ-ის სათავო და საოფისე შენობებში არსებული სხვადასხვა სახის დანადგარების და სისტემების ტექნიკური მომსახურების მიზნით გამოცხადებულ ორ ტენდერში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა პოტენციურ მიმწოდებელთა გამოკითხვის შედეგად მიღებული ორი შემოთავაზების საშუალო არითმეტიკული, შესაბამისად, 156,000 ლარი და 92,400 ლარი. ორივე ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოცხადდა ის კომპანია, რომელმაც ბაზრის კვლევისას სებ-ს შესთავაზა უმცირესი ფასი, შესაბამისად, 144,000 ლარი და 84,000 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ სებ-ს არ დაურღვევია შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, ზემოთ აღნიშნული ორი ტენდერის ფარგლებში სებ-ს შესაძლოა ჰქონოდა საშუალება მომსახურება შეეძინა 20,400 ლარით ნაკლები ღირებულებით.
2022-2023 წლებში შემდგარ 160 ტენდერში ფასის კლებამ 1,556,244 ლარი შეადგინა, საიდანაც 38 შემთხვევაში შესყიდვის ღირებულება 20%-ზე მეტით შემცირდა. მიღებულმა სხვაობამ სახელშეკრულებო და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებს შორის 1,138,023 ლარი შეადგინა.
“საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა მნიშვნელოვანია შესყიდვის წარმატებით ჩატარებისა და სებ-ის რესურსების არაეკონომიურად განკარგვის რისკების მინიმიზაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2022-2023 წლებში ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელებისას სებ ითვალისწინებდა შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებს ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ვერ განისაზღვრა საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული თანხით და დაფიქსირდა ფასების მნიშვნელოვანი კლება”,- ვკითხულობთ დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტი გამარტივებული შესყიდვების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებულ ხარვეზებზეც მიუთითებს. აღმოჩნდა, რომ 2022-2023 წლებში მონეტარული ზღვრების ფარგლებში განხორციელებულ 34,625 ლარის გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, სებ-ის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებულ შესყიდვასთან დაკავშირებული სამუშაოები, ვინაიდან სებ-მა ვერ წარმოადგინა შესყიდვის განხორციელებამდე ობიექტის მახასიათებლების და ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების დოკუმენტაცია. სებ-ის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1,839,900 ლარი შეადგინა, მათ შორის, 2022 წელს − 789,518 ლარი, ხოლო 2023 წელს − 1,050,382 ლარი.
