„სებ-ის გადაწყვეტილება $500 მილიონის ოქროს შესყიდვაზე არის შეცდომა“ – რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ ეროვნული ბანკის მიერ 500 მილიონი დოლარის ოქროს შესყიდვა შეცდომაა, რადგანაც ეხ სებ-ის სავალუტო რეზერვების ლიკვიდურობას ამცირებს.მისივე თქმით საერთაშორისო რეზერვების ფორმირების ერთ-ერთი მთავარი წესი არის მისი მაღალი ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, ანუ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს მისი გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე
„კომერსანტი“ რომან გოცირიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შესავსებად 500 მილიონ დოლარად შეიძინა 7 ტონა ოქრო. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არის შეცდომა.
საერთაშორისო რეზერვების ფორმირების ერთ-ერთი მთავარი წესი არის მისი მაღალი ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, ანუ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს მისი გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე. ოქრო არ არის ასეთი მაღალლიკვიდური საქონელი, თუ ეროვნული ბანკის რეზერვების ფუნქციის კუთხიდან შევხედავთ.
ეროვნული ბანკი უცხოეთის ფასიან ქაღალდებში და საბანკო ანგარიშებზე ათავსებდა თავის რეზერვებს, რასაც სტაბილურად მოჰქონდა შემოსავალი.
ოქრო ამ მხრივ ეროვნული ბანკის საცავში მკვდარი მარაგია. არც ისაა კარგი, რომ მოხდება მისი ჩამოტანა საქართველოში. ეს იმითაა გამოწვეული, რომ უცხოეთის საცავებში მისი შენახვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოქროს შენახვის რისკები და ხარისხი უცხოეთის ბანკებში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.
ოქროს ფასი არის მკვეთრად მერყევი. ფაქტობრივად მისი ყიდვა-გაყიდვა ცალკე ბიზნესია. ამას ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს და როგორც ჩანს არც აპირებს, რადგან ამ დღეებში ჩამოაქვთ რამდენიმე ტონის მოცულობის ოქროს ზოდები. ვაჭრობისთვის რომ უნდოდეთ მისი გამოყენება, უცხოეთში დატოვებდნენ. თუ ბაზრის კონიუნქტურას არ მიჰყვება ეროვნული ბანკი, შეიძლება სერიოზული ზარალი განიცადოს ოქროს მხოლოდ მარაგების სახით დატოვებით.
ზოგადად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის, რომლის უცხოური ვალუტის რეზერვები არის მცირე და ძირითადად გამოიყენება საგარეო ვალდებულებების მომსახურებისათვის და ლარის კურსის შესანარჩუნებლად, ამ მოცულობის ოქროს შეძენა არ არის მიზანშეწონილი. ეს გადაწყვეტილება სარისკო და პოპულიზმის ელემენტების შემცველია”, – წერს რომან გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ მთავრობას მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს – არასამთავრობო ორგანიზაციები