სებასტიენ ლეკორნუ გადადგა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა თვეზე ნაკლები ხნის წინ დანიშნული სებასტიენ ლეკორნუ. მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით დღეს, 6 ოქტომბერს მიმართა. მაკრონმა ლეკორნუს თხოვნა დააკმაყოფილა.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თანაპარტიელი, 39 წლის სებასტიენ ლეკორნუ პრემიერ-მინისტრად 2025 წლის 9 სექტემბერს დანიშნა მას შემდეგ, რაც წინა დღეს საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მთავრობას. ლეკორნუს დაევალა პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებთან კონსულტაციები ქვეყნის ბიუჯეტზე კონსენსუსის მისაღწევად, თუმცა ვერ შეძლო შეთანხმება მათ შორის სოციალისტებთან, რომელთა ხმებს შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
გადადგომამდე ერთი დღით ადრე, 5 ოქტომბერს ლეკორნუმ წარადგინა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა, გადადგომის შესახებ კი ამ შემადგენლობის დღევანდელი, პირველი სხდომის წინ გამოაცხადა.
თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ლეკორნუ პირველი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთ თვესაც კი არ დარჩა.
ფორუმი