სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობას გაზრდილი წილით შეძლებს – კანონპროექტი

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობას გაზრდილი წილით შეძლებს – არსებული 25%-ის ნაცვლად 40%-ის ოდენობით. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას ერთპარტიული პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღებით, სახელმწიფო ორგანოები ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შეძლებენ საინვესტიციო ფონდებში წილობრივად მონაწილეობდნენ 25%-ის ნაცვლად 40%-ით. ასევე საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობის შესახებ ანგარიშში ასასახი ინფორმაცია განისაზღვრება მთავრობის მიერ.
ავტორების თანახმად, ცვლილებები გამოიწვევს საინვესტიციო ფონდების ბაზრის მეტად სტიმულირებას, რამდენადაც დღეს მოთხოვნა სახელმწიფოს მონაწილეობაზე უფრო დიდია ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული.
ამასთან, ყოველ წელს მთავრობის მიერ მომზადდება ანგარიში, სადაც აისახება საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობის პირობების შესაბამისად ინფორმაცია. ცვლილებების ავტორების თანახმად, აღნიშნული მეტ შესაძლებლობას მისცემს სხვა ინვესტორებს და საინვესტიციო ფონდის მმართველებს მონაწილეობა მიიღონ ფონდებში და დააფუძნონ შესაბამისი ფონდები, რადგან აქამდე არსებული კანონის მოთხოვნები ანგარიშგებასთან დაკავშირებით ვერ იქნებოდა მორგებული ყველა ტიპის საინვესტიციო ფონდზე.
დოკუმენტში მოყვანილი მონაცემებით, 2024 წლის მდგომარეობით საინვესტიციო ფონდების ბაზარზე ოპერირებდა 8 რეგისტრირებულ/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, საინვესტიციო ფონდების ჯამური აქტივების ზომა კი 200 მილიონი ლარი იყო, რომელიც 19 საინვესტიციო ფონდში იყო აკუმულირებული. აქედან 18 საინვესტიციო ფონდი კერძო რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდს წარმოადგენს, რომელსაც არ ევალება საინვესტიციო სტრატეგიისა და სხვა ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება, ხოლო პირველი ავტორიზებული საჯარო საინვესტიციო ფონდი დარეგისტრირდა 2024 წელს.
ავტორები მიუთითებენ, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად მოსალოდნელია მეტი საინვესტიციო ფონდის დაფუძნება, და სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად, მომდევნო 3-4 წელიწადში დამატებითი 2-3 კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბებით, რომელიც დამატებით 200 მილიონი ლარის მობილიზებას მოახდენს.
კანონპროექტის გავლენის ნაწილში ყურადღება ორ სახელმწიფო სააგენტოზე – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტოზე “აწარმოე საქართველოში” არის გამახვილებული, რომლებზეც ცვლილებები გავლენას მოახდენს.
“საგულისხმოა რომ სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2022 წლის დეკემბერს საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე მონაწილეობს, როგორც შეზღუდული პარტნიორი ვენჩერულ საინვესტიციო ფონდ 500 Georgia L.P-ში, რომელიც წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სექტორში სტარტაპებისთვის კაპიტალის მიწოდებას. ცვლილების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, სხვა შეზღუდული პარტნიორებისა და მმართველი პარტნიორის თანხმობის შემთხვევაში სახელმწიფოს წილის გაზრდა. სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შესაბამისად გამოყოფილი პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში აღნიშნულ ვენჩერულ ფონდში მონაწილეობს მაქსიმუმ 5 მილიონი დოლარის ფარგლებში, კანონპროექტის მიღების შემდეგ, იქნება არა კონკრეტულად მონაწილეობის თანხის გაზრდა, არამედ ამ თანხის დამატებით ათვისება, რაც დაშვებული გახდება პროცენტის ზრდით და მაქსიმალური თანხის ამ მომენტისათვის ვერ ათვისებით. ამის გარდა, სსიპ – აწარმოე საქართველოში შეძლებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია 2023-2028 წლების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობის შესრულებას, რომელიც ემსახურება სსიპ აწარმოე საქართველოში მიერ მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის კაპიტალის მიწოდების მხარდაჭერას კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის ინსტრუმენტის გამოყენებით. მსგავსად ამ ორი სააგენტოსი, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის სხვა უწყებებიც შეძლებენ შესაბამისი ინსტრუმენტით სარგებლობას, რისთვისაც კანონის მიხედვით საჭირო იქნება მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღება”,- აღნიშნულია დოკუმენტში.