სახელმწიფო მშობიარე ქალს აყვანილი ექიმის და გაუტკივარების ხარჯებს დაუფარავს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მშობიარე ქალს აყვანილი ექიმის და გაუტკივარების ხარჯებსაც დაუფარავს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აუცილებელია შესაბამისი კლინიკა ჩართული იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
“მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს”, – აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საყოველთაო დაფინანსების ფარგლებში მშობიარობის და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და 1222 ლარი გახდა.
“რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან ე.წ. VIP პალატის მომსახურებას, აღნიშნული სერვისები სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება”, – წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ