სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთ მინზუს ეთნიკური უმცირესობების უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთ მინზუს ეთნიკური უმცირესობების უნივერსიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელსაც უნივერსიტეტის ვიცე – პრეზიდენტი მაო იანდონგი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ჩინეთის მხარის ინიციატივით გაიმართა და მიზნად ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების გაცნობას და არსებული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა.
„ლია გიგაურმა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მოქმედ იმ უნიკალურ მექანიზმებზე, რომლებიც მრავალი წელია წარმატებით ხორციელდება და ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენასა და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების მნიშვნელობას და მიმოიხილა არსებული პროგრამები.
თავის მხრივ, ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნულ სფეროში ჩინეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
მხარეებმა გამოცდილების გაზიარების გაგრძელების კუთხით მზაობა გამოთქვეს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.