სახელმწიფო ენის გამოცდა წელს პირველად ჩატარდება

2025 წელს საქართველოში სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. დღეს, 24 ნოემბერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგზე მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.
მისი სიტყვებით, “გამოცდა ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად ჩატარდება”.
გივი მიქანაძის განცხადებით, მსგავსი გამოცდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება, რომელთა საფუძველზეც გამოსაცდელს იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული ენის ფლობის სერტიფიკატი ეძლევა.
განათლების მინისტრის თანახმად, “ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის”.
„სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისათვის. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა გამოცდა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამიერიდან სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხი კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი. 2030 წლიდან, A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად, C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებას ვგეგმავთ და ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, – თქვა გივი მიქანაძემ.
ქართული ენის გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.
მხედველობადაქვეითებული და უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებულია ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.
სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ტესტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.
დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიცადა ცალკეული კომპეტენციების შესამოწმებელი დავალებები, შემდეგ, მიღებული შედეგების ფსიქომეტრიული ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით, შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი და შემუშავდა საგამოცდო ტესტის ფორმატი.
აქამდე ქართული ენის გამოცდას, ისტორიასა და სამართალთან ერთად აბარებდნენ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველები. ენის ცოდნის დამადასტურებელი სხვა ტიპის სასერტიფიკაციო გამოცდა საქართველოში არ ტარდებოდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – თუ წიწაკის სპრეი 16 წლის ზევით, 18 წლამდე ასაკის პირს ექნება, მის მიმართ გავრცელდება შესაბამისი რეგულაციები, ხოლო თუ 16 წლის ქვემოთ ბავშვის ხელში მოხვდება, მოვიძიებთ, ვინ გაყიდა და პასუხისმგებლობა მას დაეკისრება