სახელმწიფო დუმამ რატიფიკაცია გაუკეთა ბელარუსთან ხელშეკრულებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 18 თებერვალს რატიფიკაცია გაუკეთა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულებას რუსეთსა და ბელარუსს შორის საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში. სა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ და ვლადიმირ პუტინმა დოკუმენტს მინსკში მოაწერეს ხელი გასული წლის დეკემბერში. სახელმწიფო დუმას ის 5 თებერვალს გადაეცა რატიფიკაციისთვის.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები ერთ-ერთ მონაწილეზე თავდასხმას განიხილავენ მთლიანად საკავშირო სახელმწიფოზე თავდასხმად და „შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებენ მათ განკარგულებაში არსებული ყველა ძალისა და საშუალების გამოყენებით,“. შეთანხმებაში ცალკეა ნახსენები ბირთვული იარაღი. ამასთან, მასში გამეორებულია ახლახან რუსეთის მიერ მიღებული ბირთვული დოქტრინის დებულებები იმის შესახებ, რომ ბირთვული იარაღი შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრესიის დროს, რომელიც კრიტიკულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში გადაწყვეტილება მის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე „მიიღება მხარეების მიერ დადგენილი წესით“. რა წესია ეს, არ არის მითითებული. ადრე ლუკაშენკა არაერთხელ აცხადებდა ბელარუსზე თავდასხმის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე.
დეკემბერში პუტინთან შეხვედრისას ლუკაშენკამ რუსეთის პრეზიდენტს ასევე სთხოვა, ბელარუსის ტერიტორიაზე განელაგებინა სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“. რუსეთის პრეზიდენტმა მას უპასუხა, რომ ეს 2025 წლის მეორე ნახევარში გახდება შესაძლებელი. „იმ დროისთვის, ჩვენი წინასწარი გათვლებით, სერიულ გამოშვებას ავაწყობთ,“ თქვა პუტინმა.
შარშან რუსეთმა სტრატეგიული პარტნიორობის – ფაქტობრივად, სამხედრო კავშირის – შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ჩრდილოეთ კორეასთან. და დასავლეთის ქვეყნები იტყობინებოდნენ, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უკრაინაში ომში მონაწილეობისთვის გაგზავნა რამდენიმე ათასი ჯარისკაცი. მოსკოვსა და ფხენიანს ეს არ დაუდასტურებიათ, მაგრამ არც კატეგორიულად უარუყვიათ.
იანვარში რუსეთმა ხელი მოაწერა ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას. ოღონდ მასში არ არის სამხედრო კავშირის შესახებ პუნქტები.