სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შესყიდვების მართვის პროცესი ზოგიერთ ორგანიზაციაში ნაკლოვანებებით მიმდინარეობს და ხარვეზებს მოიცავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შესყიდვების მართვის პროცესი ზოგიერთ ორგანიზაციაში ნაკლოვანებებით მიმდინარეობს და მოიცავს ხარვეზებს როგორც საწყის − საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ბაზრის კვლევის, ასევე სატენდერო პროცედურების, ხელშეკრულებების მართვის, სამუშაოების ზედამხედველობისა და მიღება-ჩაბარების განხორციელების ეტაპებზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ნაკლოვანებები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური, არაპროდუქტიული და არაეფექტიანი განკარგვის რისკებს.
“სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 – 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი: –
შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც გაფორმდა ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში უკონკურენტო პირობებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან, სამუშაოთა ერთეულების ფასების გაზრდის შედეგად, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებები და შესაბამისად, საკონტრაქტო ფასები, გაზრდილია 422.4 ათასი ლარით.
უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოების შესყიდვისას, სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არსებობდა 72.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა, ნიკორწმინდისა და უფლისციხის ობიექტებზე კი – 193.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე – 277.8 ათასი ლარი, ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე – 228.4 ათასი ლარი, გრაკლიანი გორის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოებზე – 20.8 ათასი ლარი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი:
სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ რიგ შემთხვევებში ბაზრის კვლევა სათანადოდ არ არის ჩატარებული; რიგ შემთხვევებში შესყიდვის სავარაუდო ფასი განსაზღვრულია გასულ წელს მსგავსი მომსახურების შესყიდვის ფასის შესაბამისად, თუმცა შესყიდვის ვადის გათვალისწინებით, აღნიშნული კვლევა არავალიდურია.
2022 წელს 418 შემდგარი ტენდერიდან 75 შემთხვევაში დაფიქსირდა 20%-იანი და მეტი ფასის შემცირება. კერძოდ, განხორციელებულ ტენდერებში შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა 13.5 მლნ ლარით.
ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების მართვაში არსებული ნაკლოვანებებისა და შიდა კონტროლის სისუსტის გამო, მხარჯავი დაწესებულებების მიერ სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების დროს რიგ შემთხვევებში სათანადოდ არ ხდება არსებული რისკების შეფასება, რამაც ინფრასტრუქტურული პროექტების დადგენილ დროში შეუსრულებლობა გამოიწვია.
ს ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის − “მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“ ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი: –
2022 წელს სამინისტრომ სამედიცინო საგნებისა და მომსახურების შესყიდვაზე გამოაცხადა 31 ელექტრონული ტენდერი – ჯამური ღირებულებით 1.3 მლნ ლარი. აქედან, არ შედგა ხუთი ტენდერი, რადგან მონაწილეობა არ მიიღო არცერთმა პოტენციურმა მიმწოდებელმა, ხოლო სამი ტენდერი უშედეგოდ დასრულდა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის გამო. იმავე შესყიდვის საგანზე, იდენტური სატენდერო პირობებით გამოცხადებულ ახალ ტენდერებში მონაწილეობა მიიღეს სავარაუდო მომწოდებლებმა. საბოლოოდ, შედგა 790 ათასი ლარის სავარაუდო ღირებულების 23 ტენდერი, რაც მიუთითებს სამინისტროს მიერ პოტენციურ მომწოდებლებთან არასაკმარის კომუნიკაციაზე. შედეგად, ბენეფიციარებს მომსახურება დროულად ვერ მიეწოდათ.
შპს “სანდასუფთავების“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:
შპს “სანდასუფთავების“ მიერ რიგ შემთხვევებში ბაზრის კვლევა განხორციელებულია არასრულყოფილად. კერძოდ, არ არის შექმნილი სრული სურათი ბაზარზე არსებული შემოთავაზებების, მათ შორის პოტენციურ მიმწოდებელთა ვინაობის, არეალის, მათი შესაძლებლობების, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, მიწოდების პირობებისა და ვადების, ასევე შესყიდვის სავარაუდო ღირებულების თაობაზე. აღნიშნულმა განაპირობა, რომ ცალკეულ შემთხვევებში საკონტრაქტო ფასებსა და სავარაუდო ღირებულებებს შორის ფიქსირდება მნიშვნელოვანი სხვაობები. 2021-2022 წლებში 62 შემდგარი ტენდერიდან 14-ში სავარაუდო სატენდერო ღირებულება განისაზღვრა 1.1 მლნ ლარით. პრეტენდენტების მიერ სავარაუდო ღირებულება შემცირდა 368 ათასი ლარით (33%-ით) და 758.9 ათასი ლარი შეადგინა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021- 2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი: –
მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოუყენებლობით, ბიუჯეტში არ მოხდა დამატებით 13.4 ათასი ლარის მობილიზება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი: –
მუნიციპალიტეტის მიერ რიგი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის/ რეაბილიტაციის არასათანადოდ დაგეგმვის შედეგად 5 ობიექტი დაუსრულებელია, ხოლო 1 − უფუნქციოა. აღნიშნულის შედეგად, ობიექტების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 336.2 ათასი ლარი გამოყენებულია არაეფექტიანად.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი: –
2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტმა 3 გამარტივებული შესყიდვით შეისყიდა სამშენებლო სამუშაოები – საერთო ღირებულებით 135.1 ათასი ლარი. მერიამ სამუშაოები ჩაიბარა და ანგარიშსწორება განახორციელა ფაქტობრივი დანახარჯების დადასტურების გარეშე.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი: –
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში არსებული ხარვეზების შედეგად, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 104.1 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს. კერძოდ, ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არაა დასრულებული და მოსახლეობა ვერ იყენებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი მუნიციპალიტეტში სამუშაოების დასრულების ვადების დარღვევის ან/და ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულებისთვის მიუღებელმა და ასევე დაურიცხავმა ჯარიმებმა ჯამურად 263.9 ათასი ლარი შეადგინა. საჯარიმო სანქციების ადმინისტრირების კუთხით მერიას სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი: ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2021-2022 წლებში გაფორმებული 60 ხელშეკრულების შემთხვევაში, საერთო ღირებულებით 10.6 მლნ ლარი, მიმწოდებლებს სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შეუსაბამოდ განხორციელების გამო დაერიცხათ 610.6 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტმა ამოიღო მხოლოდ 8.6 ათასი ლარი. ამასთანავე, ჯარიმის გადაუხდელობისას მერიამ არ მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლების შავ სიაში დასარეგისტრირებლად. ასევე, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოუყენებლობის გამო, 12-დან 9 შეწყვეტილ ხელშეკრულებაზე გაუვრცელებელმა სანქციამ 46.3 ათასი ლარი შეადგინა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი: – 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში არსებული სუსტი კონტროლის მექანიზმების გამო, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დაუსრულებელია. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ მიღებული ზიანის საკომპენსაციოდ ვერ მიიღო 278.3 ათასი ლარის საგარანტიო და საჯარიმო თანხები“, – წერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.