სახელმწიფოს მიერ 9,6 მლნ ლარით თანადაფინანსებულია მარცვლოვანი კულტურების შემნახველი 23 საწარმოს შექმნა – მინისტრი

სახელმწიფოს მიერ 9,6 მლნ ლარით თანადაფინანსებულია მარცვლოვანი კულტურების შემნახველი 23 საწარმოს შექმნა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, განაცხადა.
მინისტრის თქმით, მოსავლის აღების პროცესში ჩართულია 300-მდე კომბაინი. დღეისათვის, ხორბლის მოსავალი უკვე აღებულია 15 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე.
მისივე ინფორმაციით, ბოლო წლებში გაზრდილია საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა და 2,5 და 3 ტონამდე მერყეობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი, 5 ტონამდეა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეხორბლე ფერმერებს მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ ჰქონდეთ. სახელმწიფოს მიერ 9,6 მლნ ლარით თანადაფინანსებულია მარცვლოვანი კულტურების შემნახველი 23 საწარმოს შექმნა, რაც დარგისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა.
მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღების აუცილებელი წინაპირობაა მოსავლის აგროვადებში აღება, ამინდებმაც უნდა შეგვიწყოს ხელი, და შესაბამის პირობებში განთავსება/დაბინავება”,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხვდნენ და ალოობის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრი შირაქის ველზეც იმყოფებოდნენ, სადაც ხორბლის აღების პროცესს გაეცნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.