სახდეპი რუსულ კანონზე: ვაგრძელებთ ჩვენი შეშფოთების გაზიარებას საჯაროდ და პირად საუბრებში

სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებაზე და აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ზიანი მიადგება სამოქალაქო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიებს.
“როგორც ჩვენ, განუწყვეტლივ ვამბობდით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეერთებული შტატები კვლავ ღრმად არის შეშფოთებული, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში ზიანი მიადგება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და ის გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან.
ჩვენ თანაბრად შეშფოთებულნი ვართ, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შეშფოთების გაზიარებას საჯაროდ და პირად საუბრებში”- ნათქვამია განცხადებაში.