სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით შექმნა.
ომბუდსმენის განცხადებით, ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით, შემდეგი შემადგენლობით:
1. ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია
2. გიორგი გვილია – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები
3. გიორგი ჯავრიშვილი – ოფთალმოლოგია
4. ალექსანდრე ცისკარიძე – ნევროლოგია
„ექიმები უახლოეს მომავალში განახორციელებენ ვიზიტს მზია ამაღლობელთან და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას. ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ნეტგაზეთი/ბათუმელების მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად 26 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება, დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით. თავად მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ კვლევების ჩატარების შემდეგ ციხეში დაბრუნება სურს.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ამდენხნიანი შიმშილობა ორგანიზმზე თავის კვალს ტოვებს, მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველთვის მოსალოდნელია გარკვეული გართულებები.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი