საქართველოს სახალხო დამცველმა ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან (დაცულ ტერიტორიასთან) დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.2025 წლის ოქტომბერში, პირველ ინსტანციაში დასრულდა დავა და სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივების სარჩელი, რომლითაც ბალდის კანიონთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები სადავოდ იყო გამხდარი.„ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან დაკავშირებული საკითხები როგორც ახლანდელი, ასევე, მომავალი თაობების ინტერესების დაცვასა და ადამიანის უფლებების რეალიზაციას პირდაპირ უკავშირდება. ამდენად, სასამართლოს მეგობრის წარდგენის მიზანია დაცული ტერიტორიების როლისა და მნიშვნელობის, საერთაშორისო მიდგომების, პრინციპებისა და გარანტიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. დოკუმენტში გაანალიზებული თანამედროვე მიდგომები ცხადყოფს, რომ დაცულ ტერიტორიებს გაზრდილი მნიშვნელობა აქვთ არაერთი მიმართულებით. მათ შორის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გამოწვევების დაძლევისა და ადგილობრივ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. ხოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ღიაობა, გამჭვირვალობა და უწყებების ანგარიშვალდებულება დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ხედვებისა და კარგი მმართველობის პრინციპების განუყოფელი ნაწილია“, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.სახალხო დამცველის აზრით, ადგილობრივი გარემოებების, ტრადიციების, ცოდნის სისტემების გათვალისწინება შეუძლებელია ინკლუზიური დიალოგისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის გარეშე, მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები კი ვერ პასუხობს უფლებრივ სტანდარტებს.ბალდის კანიონი მარტვილიდან 20 წუთის სავალზე, დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს, ბალდის მამათა მონასტრის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 295 მეტრზე. კანიონს 2013 წელს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა. შ.პ.ს. კანიონი 350-ს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. საჯარო ამონაწერის თანახმად, კომპანია 2022 წლის მიწურულს არის დარეგისტრირებული.აუქციონის პირობების შესაბამისად, კომპანიას 3 წლის ვადა აქვს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ვალდებულია, საამისოდ ორი მილიონ რვაასი ათასი ლარის ინვესტიცია ჩადოს პროექტში.მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტერიტორიის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემის შესახებ შეიტყვეს და საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს, არაერთ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი მათსა და ინვესტორებს, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის.



