სახალხო დამცველის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იოსელიანი “პირველებთან” კომენტარს აკეთებს – ომბუდსმენი აცხადებს, რომ დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის ფარგლებში, მზია ამაღლობელის კოლეგებს პენიტენციური დაწესებულებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია დეტალურად გაუზიარა.
ლევან იოსელიანის ცნობითვე, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორი სახალხო დამცველის რწმუნებულმა ბოლოს 27 იანვარს მოინახულა და შეაფასა, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს, სტაბილურია.
ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს გამოთხოვილი და რა პასუხიც მივიღეთ პენიტენციური დაწესებულებიდან გავუზიარეთ სტუმრებს. ზოგადად, მათ იციან, რომ ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, დავეხმაროთ მზიას წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენი ინტერესი არის, რა თქმა უნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია დროულად მივიღოთ პენიტენციური დაწესებულებიდან. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქალბატონი მზიას ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ასეთი კონსილიუმის შექმნა იქნება აუცილებელი, მე წინააღმდეგი არ ვარ, ოღონდ ამ კონსილიუმმა უნდა შეძლოს ეფექტურად კითხვებზე პასუხის გაცემა. 27 იანვარს შევიდა ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც პროფესიით ექიმია. მან ნახა როგორც მისი ვიზუალური მდგომარეობა, ასევე ნახა სამედიცინო ჩანაწერები. ჩვენ ვთქვით, რომ მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის იყო ნორმალური”, – ამბობს ლევან იოსელიანი.
ცნობისთვის, 30 იანვარს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა ლევან იოსელიანთან შეხვედრა გამართეს. დახურულ კარს მიღმა აუდიენცია 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ჟურნალისტებმა ლევან იოსელიანს მზია ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებით დახმარება სთხოვეს. ჟურნალისტებმა ომბუდსმენს პენიტენციურ დაწესებულებაში შუამავლობა მოსთხოვეს, რადგან მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი რეალური ინფორმაცია გახდეს.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.