მოსკოვის ბირჟის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ყაზახეთის საფონდო ბირჟის მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მიიღება შესაბამისი ზომები – ამის შესახებ ყაზახური მედია წერს.
„ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე (KASE) რაიმე ცვლილებას არ ვგეგმავთ, რადგან დღეს MOEX-ის წილი (მოსკოვის საფონდო ბირჟა) 13%-ია. როგორც მოგეხსენებათ, სანქციები ვრცელდება მათზე, რომლებიც ფლობენ 50%-ს და მეტს“, – განაცხადა ყაზახეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ტიმურ სულეიმანოვმა.
ფინანსური ბაზრის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, აკონტროლებენ სიტუაციას ფინანსურ ბაზარზე და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ შესაბამის ზომებს.
„საჭიროების შემთხვევაში მიიღება შესაბამისი ზომები ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე გარე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
„მოსკოვის ბირჟის მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება და მისი მონაწილეების მიერ ტრანზაქციების საიმედოობა. ახალი გამოწვევების ფონზე, მოსკოვის ბირჟა გააგრძელებს კლიენტებისთვის წვდომას სავაჭრო პლატფორმის ყველა სეგმენტზე“, – ნათქვამია ბირჟის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), 12 ივნისს მოსკოვის ბირჟისა და მის ჯგუფში შემავალი ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე, OFAC-მა მოსკოვის ბირჟასთან, ეროვნულ კლირინგ-ცენტრსა და ანგარიშსწორების დეპოზიტართან ოპერაციების 13 აგვისტომდე ვადით შეჩერებაზე ლიცენზია გასცა, ხოლო მეორე ლიცენზია ანალოგიურ დედლაინს მათი ფასიანი ქაღალდების გასასვლელად აწესებს.
სანქციების დაწესებიდან მალევე მოსკოვის ბირჟამ გამოაცხადა, რომ 13 ივნისიდან დოლარსა და ევროში ვაჭრობას წყვეტდა. მოგვიანებით რუსეთის ბანკმა გადაწყვეტილება ჰონგ-კონგის დოლართან ვაჭრობის შეჩერების შესახებაც გამოაცხადა.
რუსეთის ხელისუფლება სანქციებს უკანონოდ მიიჩნევს. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ TASS-ს განუცხადა, რომ მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს ვაშინგტონის ახალ შეზღუდვებს.
აშშ-ის მიერ მოსკოვის ბირჟის დასანქცირების შემდეგ რუბლი გაუფასურდა. რამდენიმე ბანკმა უკვე გაზარდა მათგან დოლარის და ევროს შეძენის კურსები. რუსული მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ რუსულ ბანკში დოლარის კურსმა 100 რუბლს მიაღწია, ევროს კურსმა – 120-ს.
ამ მოვლენების ფონზე, KASE-მ დაარწმუნა, რომ ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვის ბირჟასთან დაკავშირებით შეზღუდვები არანაირად არ იმოქმედებს ბირჟისა და KASE კლირინგ ცენტრის საქმიანობაზე.