საჭიროა მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან და მათი ჩართულობა პროფესიულ განათლებაში – მათე ტაკიძე

განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, ერთ-ერთ მიმართულებას პროფესიული განათლების სისტემაში საჯარო-კერძო პარტნიორობის მასშტაბის ზრდა და დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერება წარმოადგენს. სამინისტრო კერძო სექტორს პროფესიული განათლების მართვაში მონაწილეობას, რამდენიმე ფორმით სთავაზობს, მათ შორის პროფესიული კოლეჯების თანადაფუძნებას, მასში ინვესტირებას და კოლეჯის ცალკეული მიმართულების მართვაში გადაცემას.
ამ პარტნიორობის ფარგლებში განათლების სამინისტროში კერძო სექტორიდან 10 -ზე მეტი განაცხადია შესული, ხოლო მედიისთვის მხოლოდ ერთი შეთანხმებული პარტნიორობის შესახებ არის ცნობილი.
პროფესიულ განათლებაში კერძო და საჯარო პარტნიორობის პრეცედენტები აქამდეც არსებობდა, თუმცა როგორც კოლეჯ სპექტრის დირექტორი აცხადებს, პროფესიულ განათლებაში ბიზნესის მეტი ჩართულობაა საჭირო, რათა პროფესიულმა კოლეჯებმა ის კადრები მოამზადონ, რაც რეალურად ბაზარს სჭირდება.
„კოლეჯები აქტიურად არიან ჩართულნი პროფესიული განათლების განვითარების პროცესში. პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენ გაცილებით მეტი უნდა ვიმოქმედოთ პროფესიული განათლების მესვეურებმა, კოლეჯებმა უნდა შეძლონ და ეპარტნიორონ კერძო ბიზნესს, რადგან დღეს კადრების ყველაზე დიდი დეფიციტი გახლავთ კერძო სექტორში, სადაც სჭირდებათ ბევრი რაფინირებული, მომზადებული, მაღალი კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი. პრობლემა არ არის ფული, პრობლემა არ არის იდეა, აღჭურვილობა, პრობლემა გახლავთ ადამიანური რესურსის მოუმზადებლობა. ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიყვანოთ, საშუალება მივცეთ ჩართულობის, მაგრამ ამას სჭირდება ბიზნესის მეტი ჩართულობა, ვიდრე დღეს არის.
დღეს ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროგრამებს. ეს პროგრამები მუშავდება ბიზნესის ჩართულობით და შემდგომ ხდება დადასტურება ბიზნესის პროფილური მიმართულების და ამის შემდეგ შევდივართ სახელმწიფო ავტორიზაციაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სწორედ იმ კადრებს მოვამზადებთ, იმ უნარებს მოვამზადებთ, რომელიც სჭირდება ბაზარს. შესაბამისად, ბიზნესის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში არის უმნიშვნელოვანესი, თუ ჩვენ ამას ბოლომდე ვერ გავითავისებთ, ვისთვის უნდა მოვამზადოთ ეს კადრები რა თქმა უნდა აცდენა მუდმივად იქნება პროფესიულ განათლებასა და ბიზნესს შორის.
ამიტომ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია, მეტი მჭიდრო ურთიერთობა, მეტი ჩართულობა, პასუხისმგებლობების გადანაწილება პროფესიულ განათლებასა და კერძო ბიზნესს შორის. პირველი რაც უნდა იყოს, როცა საკვალიფიკაციო გამოცდები გვექნება, აქ იყოს ჩართული ბიზნესი და ბიზნესი გახდეს შემფასებელი მომზადების და უნარების, რა ცოდნასაც კოლეჯი გადასცემს ამათუ იმ სტუდენტს, ამათუ იმ მიმართულებაში. ასევე შეიძლება სექტორულ მართვაში შევიდეს ბიზნესი“,- აცხადებს მათე ტაკიძე.