საჭიროა ერთმანეთში კომუნიკაცია ჰქონდეთ [სახელმწიფო სტრუქტურებს] და როცა წერენ, რომ ჩვენი სტრატეგიული მიმართულების პარტნიორი ინდოეთია, ჩამოსულ სტუმრებს ნუ ადეპორტებენ – შალვა ალავერდაშვილი
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ქვეყანა მოუმზადებელია უმასპინძლოს ტურისტებს ინდოეთიდან და ჩინეთიდან. მისი განცხადებით, წელს ტურიზმის სექტორში სტრატეგიულ მიმართულებებს შორის ეს ორი ქვეყანა დასახელდა, თუმცა სახელმწიფოს მათ სწორად დასახვედრად არაფერი გაუკეთებია. შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ აეროპორტებიდან ინდოელ ვიზიან ტურისტებს ქვეყანაში არ უშვებენ და მიზეზსაც არ უხსნიან. მისივე რწმუნებით, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კომუნიკაცია არ არსებობს, რის გამოც არც პოლიციამ, არც სასაზღვრომ და არც საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ იცის, რომ ინდოელ და ჩინელ ტურისტებს პატივისცემით უნდა დავხვდეთ, რადგან ისინი ტურიზმის სექტორში წელს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. შალვა ალავერდაშვილი აღნიშნულის მიზეზად არაპროფესიონალიზმს ასახელებს და აცხადებს, რომ ეს სისტემური ჩავარდნის მაგალითია.
,,ახალ მიმართულებაში რაც წარმოგვიდგინეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან ინდოეთი და ჩინეთი. ინდოეთთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და ამაში დასაძრახი არაფერია. ჩვენ ხომ გვიწერია, რომ ინდოეთია ჩვენი ახალი სტრატეგიული მიმართულება. ეს არ იცი მესაზღვრემ და შსს-მ, არ იცის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შესაბამისად ყოველდღე ადეპორტებენ ტურისტებს. ვიზიანი ტურისტების უკან გაშვება ყოველდღიურად ხდება. იქნებ ერთმანეთში კომუნიკაცია ჰქონდეთ და სტრატეგიას როცა ამუშავებენ წლის მიხედვით და წერენ, რომ ჩვენი სტრატეგიული მიმართულების პარტნიორი წელს არის ინდოეთი, ინდოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ნუ ადეპორტებს სასაზღვრო. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ და დავიფიცო, რომ არც ერთმა მესაზღვრემ და არც ერთმა პოლიციელმა არ იცის, რომ ინდოეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახდა ტურიზმის მიმართულებით. არც არავის უთქვამთ მაგათთვის. შესაბამისად, არანაირი კავშირი, კოორდინაცია ერთმანეთში სტრუქტურებს შორის არ არსებობს. ეს არის ჩვენი უბედურება, რომ ის თავისთვის არის და ის თავისთვის. რომელიმე მესაზღვრე გააჩერეთ და ჰკითხეთ: იცით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ტურიზმში ახლა ინდოეთია? და ინდოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. რომელიმე მესაზღვრემ იცის ეს? არ იცის არცერთმა და არც არავის არ უთქვამს მათთვის ეს. რადგან არანაირი ურთიერთკავშირი სტრუქტურებს ერთმანეთთან არ აქვთ. ეს არის არაპროფესიონალიზმი და სისტემური ჩავარდნა, როცა ორი და სამი სტრუქტურა ერთმანეთს არ ელაპარაკება და ყველა თავისთვის ბედნიერია. ეს არის სისტემური ჩავარდნა.”- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ტურისტების მოსაზიდად მარკეტინგულ კამპანიებში სახელმწიფო თანხებს ხარჯავს და მრავალ ღონისძიებაში მონაწილეობს. თუმცა, საქართველო მზად არ არის უმასპინძლოს ქვეყანაში ჩამოსულ ინდოელ და ჩინელ ტურისტებს. შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ სექტორმა არ იცის რა სურთ ინდოელ და ჩინელ დამსვენებლებს. ამისათვის კი საჭიროა ტრენინგების ჩატარება და ქვეყანაში ინდოელი და ჩინელი მზარეულების ჩამოყვანა, რათა მათ სასურველი და მათ გემოვნებაზე მორგებული მენიუ შევთავაზოთ.
,,სახელმწიფო ფულს ხარჯავს რეკლამაში. კონტრაქტი გაფორმდა მარკეტინგული ღონისძიებების მიმართულებით ინდოეთში და სახელმწიფო ფული იხარჯება, რომ ინდოეთში მარკეტინგული ღონისძიებები ვატაროთ. პარალელურად ინდოეთიდან შემოსულ სტუმრებს უკან ვუშვებთ აეროპორტიდან. რატომ? ერთი კაცისთვისაც არ აუხსნიათ რატომ. მიდიხარ ინდოეთში გამოფენაზე და შეხვედრებზე, იქაურ რეკლამებში ფულს ხარჯავ, მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდე, რომ იქიდან წამოსული სტუმრები ქვეყანაში მიიღო. შემდეგ ქვეყანაში უნდა დაიწყო ღონისძიებები. უნდა დავგეგმო, როგორ დავხვდე ინდოელ სტუმრებს. რა სჭირდებათ მათ. ტრენინგები უნდა ტარდებოდეს. ინდოეთიდან უნდა მოგვყავდეს მზარეულები და ვსწავლობდეთ მათ სამზარეულოს. აქტიური მუშაობა უნდა იყოს ინდოეთზე. ვინმემ ამაზე იზრუნა? ვინმემ იცის რა სჭირდება ინდოელ ტურისტს? დავწერეთ გვინდა და მორჩა. იგივეა ჩინელ ტურისტებზეც. ვინმემ იცის რა უნდა ჩინელ ტურისტს? რა სჭირდება ან როგორი დახვედრა სჭირდება? თუ ჩინელებთან მოქცევის წესები ვასწავლეთ ვინმეს? ვინმემ იცის როგორ უნდა ველაპარაკოთ ან რა საჭმელი უნდა დავახვედროთ? რისი ნახვა უნდა? სად უნდა წავიყვანოთ? რამე სტრატეგია დავწერეთ ამ მიმართულებით? არა. ერთი სიტყვით გვიწერია, რომ ჩინეთი სტრატეგიული მიმართულება გახდა. ამას მუშაობა უნდა.”- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ საჭიროა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება.
,,კოლაბორაცია რომ არ მოხდეს კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, ჩვენი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. აბსოლუტურად ყოველ დღიურად. თვეებს როცა ვადარებთ წინა წლებს და ზოგადად შარშანდელ წელსაც, რომ ვადარებთ, იმასთან შედარებითაც გაცილებით გაუარესებულია მდგომარეობა. ცა და დედამიწაა. ყველა ვხვდებით, რომ ძალიან გაუარესებულია მდგომარეობა.”- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
