„საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება“ – I კვარტალში თბილისში $671.7 მილიონის ბინები გაიყიდა

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შენელებული რჩება, რაც მყიდველების სიფრთხილეს ასახავს, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია ნათქვამი.
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში შენელდა გაცემული ნებართვების მოცულობაც. თუმცა, პირველად ბაზარზე ფასები კვლავ მზარდია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში ზრდის ტემპი 2024 წელთან შედარებით შენელებულია.
„მოთხოვნა 2025 წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,078 შეადგინა, რაც წინა წლის მარტის გაყიდვებზე 2.9%-ით მეტია, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 2.9%-ით შემცირდა.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 9.8%-ით გაიზარდა.
აღნიშნული გამოწვეულია რამდენიმე პროექტში წარსულში გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერადი ეფექტით.
ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად შენელებას აჩვენებს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 11.3%-ით შემცირდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, თბილისში სულ 9,286 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 671.7 მილიონი დოლარი შეადგინა (-1.1% წ/წ).