საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141.0 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 353.5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.1-ჯერ, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 2.2-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
„2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28.4 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (83.9 პროცენტით), ასევე ტვირთბრუნვის (83.5 პროცენტით) მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 041.4 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 27.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის III კვარტალში მიიღო 1 002.5 ათასი მგზავრი (28.0 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 038.9 ათასი მგზავრი (26.7 პროცენტით მეტი გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით). 2023 წლის III კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.1 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდის. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის III კვარტალში 8.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 19.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.8 ათასი ტონა შეადგინა. აქედან, 85.4 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6 პროცენტი – გაგზავნილი. 2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.