საქსტატი: საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 13.2%-ით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2%-ით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540.0 ლარით, ხოლო კაცების – 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.8 ლარი (14.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 226.3 ლარით (12.9%) გაიზარდა და 1 985.4 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 226.8 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 870.0 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.