2024 წელს, საქართველოს პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
საინტერესოა, რომ Fitch-ის რეიტინგში საქართველო BB დონეზე 2007 წელს გახდა და 14 წელიწადია ერთი ადგილის ირგვლივ ვტრიალებთ, თუმცა წელს პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „ნეგატიურზე“ შეცვალა. დაახლოებით მსგავსი სურათია Standard and Poor’s-ის და Moody’s-ის შემთხვევაშიც: 2011 წლის BB მინუსიდან 2019 წელს BB-მდე დავწინაურდით და ერთ წრეზე ვტრიალებთ.
უფრო დეტალურად, 2024 წელს საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში ასე გამოიყურებოდა:
Fitch-ის რეიტინგი
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა.
პერსპექტივის გადახედვის ძირითად ფაქტორებს შორის დასახელებულია მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი, ურთიერთობა გარე მხარეებთან, რისკები პოლიტიკის ჩარჩოსთვის, საერთაშორისო რეზერვების სუსტი დაფარვა.
S&P Global Ratings
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი წლის დასაწყისში უცვლელ, BB დონეზე შეაფასა სტაბილური პერსპექტივით.
სააგენტოს განმარტებით, რეიტინგზე დადებითად აისახა ეკონომიკურ ზრდასა და ფისკალურ კონსოლიდაციაში, აქამდე მიღწეული პროგრესი. ფისკალური პარამეტრების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას სააგენტო რეიტინგის გაუმჯობესების ტრიგერად განიხილავდა.
Moody’s-ის რეიტინგი
გასულ წელს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.
პერსპექტივის გაუმჯობესების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური რისკებისადმი საქართველოს მოწყვლადობის უფრო დაბალ დონეზე შეფასებაა.
Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“
Heritage Foundation-მა 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა 68.7-დან 68.4-მდე შემცირდა. თუმცა ამის მიუხედავად, საქართველო მთლიან რანჟირებაში 3 პოზიციით დაწინაურდა და 32-ე ადგილი დაიკავა.
ინდექსის თანახმად მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წელია მცირდება, სწორედ სხვა ქვეყნების შედეგების უფრო მეტად გაუარესებიდან გამომდინარე, საქართველოს ქულის გაუარესება პოზიციის ვარდნაში არ აისახა და საქართველო პირიქით ორი პოზიციით დაწინაურდა.
საქართველო მთავრობის ვალის რეიტინგში
ეკონომიკის მიმართ მთავრობის ვალის ტვირთის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 141-ე ადგილზეა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2024 წლის აპრილში გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი მშპ-ის მიმართ 39.2% იყო და ვალის ტვირთის ამ მაჩვენებლით საქართველო 188 ქვეყანას შორის 141-ე ადგილზეა. საქართველოზე მძიმე დავალიანება 140 ქვეყანას აქვს, 47 ქვეყანას კი ნაკლებად აწევს ვალის ტვირთი. 2022 წელსაც საქართველო რეიტინგში 141-ე ადგილზე იყო მშპ-ის მიმართ 39.2%-ის სიდიდის ვალით.
გლობალური ინოვაციის ინდექსი
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გლობალური ინოვაციის ინდექსის (GII) 2024 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ცნობისთვის, ანგარიში მსოფლიოს 133 ქვეყანას აფასებს და მათ ინოვაციურ შესაძლებლობებსა და აღნიშნული კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავს.
ქვეყნების ინოვაციურობის შესაფასებლად, ინდექსი შვიდ ძირითად კრიტერიუმს – ცოდნა და ტექნოლოგიური წარმოება; ადამიანური კაპიტალი და კვლევები; დახვეწილი ბიზნესგარემო; ბაზრის გაწაფულობა; კრეატიულობა; ინფრასტრუქტურა; ინსტიტუციები – და 78 ინდიკატორს იყენებს.
ინოვაციური ქვეყნების რეიტინგში, 133 ქვეყანას შორის, საქართველო 56/57-ე ადგილს იკავებს. ჩვენი ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა რეიტინგის ლიდერის ქულის ნახევარზე ცოტაა და 30.4-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსი ქულა მექსიკას აქვს მინიჭებული.