საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზას ესტუმრა. ჯონ ბარკერს მასპინძლობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ გაუწია და ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვისა და მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ის სამუშაოები, რომელსაც ცენტრი მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვასა და ქართული ვაზის პოპულარიზაციის მიმართულებით ახორციელებს. მიგვაჩნია, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამომავლო თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
ჯონ ბარკერმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული ვაზის კოლექცია დაათვალიერა, გაეცნო ქართული ვაზის აღდგენილ ჯიშებსა და იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნა.
„საქართველო წარმოადგენს ვაზის გენეტიკური მრავალფეროვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას მსოფლიოში. ეს მემკვიდრეობა უნიკალურია გლობალურ კონტექსტშიც. მოხარული ვარ, რომ ის არა მხოლოდ სათანადოდ არის დაცული, არამედ აქტიურად ვითარდება. ცენტრის საქმიანობა – ვაზის გენეტიკური რესურსების შესწავლა, ჯიშების აღდგენა და კონსერვაცია – განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე საერთაშორისო მევენახეობისთვის“, – აღნიშნა ჯონ ბარკერმა.
გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ვაზისა და ღვინის ცნობადობის გაზრდასა და სამეცნიერო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჯონ ბარკერი ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზას მეორედ ეწვია.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯიღაურაში პირველად 2010 წელს იმყოფებოდა, საქართველოში მიმდინარე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) 33-ე კონგრესის ფარგლებში ვიზიტის დროს.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს
