საქართველო უარს ამბობს კორუფციაზე ანგარიშის გასაჯაროებაზე

საქართველო უარს აცხადებს ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) მიერ მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე.
GRECO 1999 წელს ევროპის საბჭოს (იგივე ევროსაბჭოს) მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც ამოწმებს, რამდენად ასრულებენ წევრი სახელმწიფოები ევროსაბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებს.
2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცეს. შეფასებისათვის GRECO-ს დელეგაცია 2023 წლის ივნისში იმყოფებოდა საქართველოში.
ორგანიზაციის ვებსაიტის თანახმად, ანგარიშმა შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. მათ შორის:
· ეთიკის პრინციპები,
· ინტერესთა კონფლიქტი,
· ცალკეულ აქტივობათა აკრძალვა,
· ქონების, შემოსავლების, ვალდებულებებისა და ინტერესთა დეკლარარიება.
ანგარიში კონფიდენციალურია.
GRECO-ს ვებსაიტზე მითითებულია, რომ შეფასების ანგარიში საჯაროედება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდება, რომ კონფიდენციალობა მოიხსნას.
2024 წლის აპრილში არაერთი ქვეყნის ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნდა, მათ შორის საქართველოს მეზობელი სომხეთის შესახებ.
ინფორმაცია საქართველოზე GRECO-ს ანგარიშის დაფარვაზე პირველად ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ (TI) გაავრცელა 26 აპრილს.
„სახეზე გვაქვს საშიში და საგანგაშო ტენდენცია, როცა საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე ან/და შეფასებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე“, – აცხადებს TI.
ორგანიზაციის ცნობით,
· შეფასებას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.
· GRECO-ს მონიტორინგის მე-5 რაუნდის მაკოორდინირებელი უწყება ანტიკორუფციული ბიუროა [ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის 12 პუნქტის ფარგლებში შეიქმნა].
· GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დეოლიგარქიზაციის შემადგენელი კომპონენტიცაა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ანტიკორუფციულ ბიუროს კითხვით, რა მიზეზით არ დათანხმდა საქართველო ანგარიშის გამოქვეყნებას. პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭო პროცედურულად უშვებს შეფასების ანგარიშების საჯაროდ ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მას მხოლოდ ისეთი ქვეყნის მთავრობები იყენებენ, სადაც კორუფცია განსაკუთრებული პრობლემაა“.
„გამჭვირვალობა“ იხსენებს, რომ 2023 წელს საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად განუცხადა უარი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგზე, – როდესაც ქვეყანას OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესში დაბრუნებისკენ ევროკომისია მოუწოდებს.
გამჭვირვალობის საკითხებზე მომშავე არასამთავრობოების თანახმად, „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მონიტორინგს არ დათანხმდა, განსხვავებით უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ს, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და მონღოლეთისგან.
„მოვუწოდებთ, ანტიკორუფციულ ბიუროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს GRECO-ს შეფასების ანგარიში და ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, შეუერთდნენ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესს“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

ასევე დაგაინტერესებთ