საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ მან 27 ივნისს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისივე სიტყვებით, კონკრეტულად ვინ წავა ნატო-ს სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება.
“იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ნატოს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს არის დაგეგმილი. „აგენტების კანონის“ მიღებისა და ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ საქართველო რამდენიმე დღის წინ მიიწვია.
24 ივნისს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენმა, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვაშინგტონში სამიტის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ერთ-ერთ კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„დიახ, საქართველო და ყველა პარტნიორი მოწვეული იქნება“.
შემდეგ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ საქართველოს წარმომადგენლებს უკვე გაეგზავნათ მიწვევა „საპარტნიორო ღონისძიებებზე“ მონაწილეობის მისაღებად.