დღეს, 25 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა აშშ-ის სამხედრო სარდლობის მიერ დაგეგმილი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit), რომელსაც საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს.
გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა, „ქართული ოცნების“ მთავრობის კაბინეტის წევრები არ დასწრებიან. მათ შორის არც თავდაცვის მინისტრი.
გახსნის ღონისძიება
სამწყობრო მოედანზე საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს:
· თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა
· თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ
· ასევე, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ტერი ტილისმა.
თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც წვრთნების გახსნის ღონისძიებას აღწერს, მაღალი რანგის ლიდერები არ ჩანან. დამსწრეთა ჩამონათვალში არ არის არცერთი მაღალი პოლიტიკური რანგის ადამიანი.
როგორც სამინისტროს პრესცენტრი წერს, სწავლების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ლიდერების არყოფნას ღონისძიებაზე და ფეისბუკზე წერს:
„ეტყობა „დიპ სტეიტმა“ მა ჩაუდოთ ეს სწავლება და შეშინებულები იმალებიან, მოსკოვმა თითი არ დაუქნიოთ. დღეს რომ სწავლებაზე არ ხარ, მართალია, ცხენიც არა ხარ. ცხენი აუცილებლად მივიდოდა“.
წვრთნების შესახებ
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი.
Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში – საქართველოსა და თურქეთში ტარდება.
სამინისტროს შეფასებით, ეს „რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს“.
ამავე წყაროს ცნობით, სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო.
Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. მათ შორის:
· უკრაინა
· გერმანია,
· ლიეტუვა,
· მოლდოვა,
· პოლონეთი,
· რუმინეთი,
· ბულგარეთი.
„სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას“, – წერს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრი.
გამოხმაურება ცხინვალში
წვრთნების დაწყების პარალელურად, განცხადება გაავრცელა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
„აშკარაა, რომ საქართველოს ტერიტორიისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მონაწილეობას ძალიან კონკრეტული პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნები აქვს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და მთელი ამიერკავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
კონტექსტი
21 ივლისს, Agile Spirit 25-ის პარალელურად, რეგიონში დაიწყო კიდევ ერთი სამხედრო წვრთნა: რუსეთ-ირანის დაგეგმილი CASAREX 2025-ი კასპიის ზღვაში.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 3-დღიან სამხედრო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს „ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, ირანის სამართალდამცველი ორგანოების სარდლობამ და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა“.
· Agile Spirit-ი საქართველოში პირველად, 2011 წელს გაიმართა და ის საგანგებოდ ჩაფიქრებული იყო ევროპაში აშშ-ის არმიის საზღვაო ქვეითთა ძალების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამხედრო სწავლებად საქართველოს შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად.
· თანდათან, წვრთნებში ჩაერთნენ სხვა ქვეყნების სამხედროებიც.
· 2018 წლიდან კი Agile Spirit-ი გარდაიქმნა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის მრავალეროვან სწავლებად, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება – კენტ წლებში. ეს ღონისძიება აშშ-ის ევროპის სარდლობის პროგრამის ნაწილია. ჯამში, ამ სახელწოდების მრავალეროვანი სწავლება მეთორმეტედ იმართება.
· საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ჩატარდა ასევე Agile Spirit 2023.
ფორუმი
