მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, FITUR-2025-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უმსხვილესი ავიაკომპანიების, საერთაშორისო მარკეტინგული, დაჯავშნისა და ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.
შეხვედრებზე საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დასრულების შემდეგ საქართველოს დელეგაცია ესპანეთის დედაქალაქში, მსოფლიოში ყველაზე დიდ გასტრო კონგრესში Madrid fusión 2025 მიიღებს მონაწილეობას.
“გამოფენის დასრულების შემდეგ საქართველო მადრიდში უკვე გასტრონომიულ კონგრესზე წარდგება, სადაც ქართველი შეფ-მზარეულები ქართულ კულინარიას გააცნობენ მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ სტუმრებს. ვფიქრობ საქართველოსთვის წარმატებული ფესტივალი იქნება, ისევე როგორც შარშან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნულ ფესტივალს და წელსაც საქართველო ღირსეულად წარდგება ქართული გასტრონომიით“,-აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი მაია ომიაძე.