საქართველო ეკონომიკის სიდიდით 189 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზეა – CEBR-ის რეიტინგი/პროგნოზი

საქართველომ 106-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების რეიტინგში, სახელწოდებით, “World Economic League Table,” რომელსაც ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია, Centre for Economics and Business Research (CEBR) ყოველწლიურად ადგენს. რეიტინგში სულ 189 ქვეყანაა წარმოდგენილი.
CEBR წერს, რომ “2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 27 363 დოლარად არის შეფასებული, რაც მას საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნის კლასიფიცირებას ანიჭებს. 2024 წელს მშპ-ის მეტად ძლიერი, 7.6%-ით ზრდა უმნიშვნელო გაუმჯობესებაა 2023 წელს დაფიქსირებულ 7.5%-იან ზრდასთან შედარებით. თუმცა ქვეყანა 2019 წლის დონესთან შედარებით, 2024 წელს 33.0%-ით მეტი წარმოებით პოზიციონირებს.”
ამასთან, CEBR-ის შეფასებით, გლობალურად სხვა ბევრი ეკონომიკისგან განსხვავებით, საქართველომ სამომხმარებლო ფასების 1.1%-იან დონზე ზომიერი ზრდის შენარჩუნება მოახერხა. ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საშუალო ინფლაციის 2022 წლამდე ათწლიანი პერიოდის 4.9%-იან დონეს.
უმუშევრობის დონე, დაახლოებით, 1,9 პროცენტული პუნქტით, 14,5%-მდე შემცირდა. ამ უმნიშვნელო გაუმჯობესების მიუხედავად, უმუშევრობის არსებითი დონე მთავარ გამოწვევად რჩება.
სამთავრობო ვალი, როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის წილი, 2023 წლის 39.2%-დან 2024 წელს 38.2%-მდე დაეცა. 2024 წელს საჯარო სექტორის სესხებმა მშპ-ის, დაახლოებით, 2.5% შეადგინა.
CEBR-ის პროგნოზით, 2025-დან 2029 წლამდე მშპ-ის ზრდის წლიური ტემპი 5,2%-იან საშუალო მაჩვენებლამდე შემცირდება. ამასთან, საპროგნოზო ჰორიზონტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ანუ 2030-დან 2039 წლამდე ეკონომიკური ზრდა წელიწადში 5.0%-იან საშუალო დონემდე შენელდება.
თუმცა CEBR უახლოეს 15 წელიწადში მოელის, რომ მსოფლიო ეკონომიკური ლიგის ცხრილში (World Economic League Table) საქართველო 2024 წლის 106-ე პოზიციიდან 2039 წლისთვის 99-ე ადგილამდე ეტაპობრივად დაწინაურდება.
რაც შეეხება გლობალურ ვითარებას, CEBR-ის პროგნოზით, მსოფლიოში ყველაზე დიდ ეკონომიკად დარჩება.
ჩინეთი, მასტიმულირებელი ზომების მიუხედავად, შიდა პრობლემების გამო აშშ-ს, როგორც უდიდეს ეკონომიკას, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ვერ გაუსწრებს.
ინდოეთი მეხუთე ადგილიდან მესამე ადგილზე დაწინაურდება და როგორც იაპონიას, ისე გერმანიას გაუსწრებს.
2039 წელს მსოფლიოში ყველაზე მცირე ეკონომიკა ტუვალუ იქნება.
მსოფლიოში 2025 წელს პროგნოზირებული უმსხვილესი ეკონომიკების ტოპ 10-ეული ასეთია:
· აშშ
· ჩინეთი
· გერმანია
· იაპონია
· ინდოეთი
· დიდი ბრიტანეთი
· საფრანგეთი
· იტალია
· კანადა
· ბრაზილია
მომავალი 15 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკა გაორმაგდება და 221 ტრლნ დოლარს მიაღწევს. ზრდის მთავარი დრაივერები აზიის ქვეყნები, მათ შორის, ინდონეზია და ბანგლადეში იქნება. მოელიან, რომ ინდონეზია მსოფლიოს ათეულში შევა, ხოლო ბანგლადეში 37-დან 21-ე ადგილამდე დაწინაურდება. თავიანთ პოზიციებს, ასევე, ფილიპინები და ვიეტნამი გააუმჯობესებენ.
წყარო: bpn.ge