საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგები ან ძალიან არაზუსტია ან კატასტროფულია – რომან გოცირიძე

„საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგები ან ძალიან არაზუსტია ან კატასტროფულია“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქსტატის დათვლით, 2014-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობა გაზრდილია 200 ათასი კაცით, რაც შეუძლებელია რამდენიმე გარემოების გამო.
„საქართველოში 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგები ან ძალიან არაზუსტია ან კატასტროფულია. შესაძლოა, 2014 წლის აღწერაც ცუდად იყო ჩატარებული და ამიტომაც არის ბოლო აღწერის შედეგები ასეთი უცნაური. ფაქტია, საოცარ დემოგრაფიულ სურათთან გვაქვს საქმე.
აღწერიდან აღწერამდე ათწლიან პერიოდში, 2014-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობა თურმე გაზრდილა 200 ათასი კაცით. ეს შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
-2015-2024 წლებში ქვეყანა დატოვა და ემიგრანტის სტატუსით უცხოეთში დარჩა საქართველოს 244 ათასი მოქალაქე (სხვაობა წასულებსა და დაბრუნებულებს შორის).
– ბუნებრივი მატება ამ პერიოდში იყო უარყოფითი, ანუ გარდაცვლილთა რიცხოვნობა 4 158-ით აღემატებოდა დაბადებულთა რაოდენობას. აქედან ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ პერიოდში შემცირდა 249 ათასი კაცით. ქვეყნის მოსახლეობა 200 ათასი კაცით რომ გაზრდილიყო, საიდანღაც უნდა შემოსულიყო უცხო ქვეყნის 449 ათასი მოქალაქე, რომელიც აქ დარჩებოდა საცხოვრებლად ემიგრანტის სტატუსით. ეს თუ მართლაც ასეა, ძალიან საგანგაშოა, თუმცა სტატისტიკურად ეს არ დასტურდება.
ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული და აქ ემიგრანტის სტატუსით დარჩენილი უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობამ შეადგინა 230 ათასი კაცი. გამოდის, რომ მიუხედავად საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შემცირებისა ემიგრაციისა და ბუნებრივი კლების გამო და უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობის ზრდისა, ქვეყნის მოსახლეობა ვერ გაიზრდება 200 000 კაცით. აცდენა რეალურ მონაცემებსა და აღწერის შედეგებს შორის არის 219 ათასი კაცი.
შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია.
ზოგადად, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაცია არასანდოა და ხშირ შემთხვევაში მანიპულირებული. ეს ეხება სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებსაც. ქვემოთ გთავაზობთ 2012-2024 წლების მიგრაციის ოფიციალურ სტატისტიკას, გაანგარიშებულს საქართველოს მოქალაქეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიხედვით. იგი აჩვენებს, თუ რამდენად არაზუსტია აღწერის შედეგები”, – წერს რომან გოცირიძე.