საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საქართველოში ჩინეთის მზარდ გავლენაზე კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2013-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
ორგანიზაციის მონაცემებით, რაც ოფიციალურ სტატისტიკას და ღია წყაროებს ეყრდნობა, 2013-2024 წლებში:
· ჩინეთის მოქალაქეებმა საქართველოში 1893 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 4-ჯერ მეტია, ვიდრე 2013 წლამდე იყო რეგისტრირებული. 2024 წელს რეკორდული რაოდენობის – 291 ახალი ჩინური კომპანია დარეგისტრირდა.
· 2003 – 2012 წლებთან შედარებით ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5-ჯერ გაიზარდა და 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პიკს 2014 წელს მიაღწია და მას შემდეგ შემცირდა.
· 2012 წლის შემდეგ ჩინეთთან წლიური სავაჭრო ბრუნვა 3-ჯერ გაიზარდა და 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წელს ჩინეთი იყო საქართველოს სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი, რომელიც საქართველოს მთლიანი ვაჭრობის 8.2%-ს შეადგენდა.
· 2024 წელს ჩინეთს და საქართველოს შორის ტურისტული ვიზები გაუქმდა, რის შედეგადაც ჩინეთიდან საქართველოში ვიზიტები 83%-ით გაიზარდა და 89 ათასს მიაღწია. ასევე, შესამჩნევად გაიზარდა ჩინეთის ავიახაზების ფრენები საქართველოში.
· საქართველოში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინური კომპანიების, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მიერ ხორციელდება. ანაკლიის პორტის პროექტის გარდა, ჩინური მხარე ვაზიანში, სადაც ბოლო პერიოდამდე ნატოს სამხედრო სწავლებები ტარდებოდა, ახალი აეროპორტის განვითარებით არის დაინტერესებული.
გარდა ინვესტიციებისა, ჩინური კომპანიების და ტურისტების მატებისა, ანგარიშში ყურადღება არის გამახვილებული საქართველოს თანამშრომლობასთან ისეთ ჩუნურ კომპანიებთან, რომლებიც აშშ-ს მხრიდან მნიშვნელოვანი დაკვირვებისა და შეზღუდვების ქვეშ არის მოქცეული უსაფრთხოების მომატებული რისკების გამო.
ასეთი კომპანიების ერთ-ერთი მაგალითია სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული China Communications Construction Company Limited (CCCC), რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პორტის აშენებისთვის შეარჩია, 2021 წლის ივნისიდან აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეაფასა CCCC, როგორც „ჩინური სამხედრო კომპანია”, რომელიც მოქმედებს პირდაპირ ან ირიბად შეერთებულ შტატებში (თავდაცვის ავტორიზაციის აქტის 1260H).
კიდევ ერთი ასეთი კომპანია China Railway 23rd Bureau Group-ია, რომელიც საქართველოში ავტომაგისტრალების მშენებლობაშია ჩართული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ის China Railway Construction Corporation-ის (CRCC) შვილობილი კომპანიაა. China Railway Construction Corporation შედის აშშ-ს ხაზინის NS-CMIC სიაში, რაც მას საინვესტიციო აკრძალვებს უწესებს.
2020 წელს, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა CRCC ჩინურ სამხედრო კომპანიად ჩათვალა 1260H აქტის მიხედვით, რაც მიუთითებს მის ასოცირებაზე ჩინეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან.
კვლევაში ცალკეა გამოყოფილი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კავშირები ჩინეთთან.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და მის ბიზნეს პარტნიორს, ივანე ჩხარტიშვილს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირადი საქმიანი კავშირები აქვთ კიდევ ერთ პრობლემურ ჩინურ კომპანიასთან CEFC China Energy-სთან.
CEFC China Energy შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-ს ფლობს. ბიძინა ივანიშვილი და ივანე ჩხარტიშვილი ფლობენ კომპანიის 50%-ს, რომელიც მართავს CEFC China Energy-ის 75%-იან წილს.
2017 წელს ნიუ-იორკში CEFC-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პატრიკ ჰო დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს აფრიკის ქვეყნებში ოფიციალური პირების მოსყიდვაში, რათა ხელი შეუწყოთ ჩინური კომპანიის ინტერესებისთვის. CEFC ასევე დაადანაშაულეს იარაღით ვაჭრობაში და ირანისთვის დაწესებული სანქციების თავიდან არიდებაში. იმ დროს, როდესაც CEFC უკვე ჩართული იყო საერთაშორისო კორუფციულ სკანდალებში, 2018 წლის თებერვალში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა.
ივანე ჩხარტიშვილი, რომელიც არის საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ცენტრის (დაარსებული 2016 წელს) აღმასრულებელი დირექტორი, ჩართული იყო CEFC-ის საქართველოში შესვლის შესახებ მოლაპარაკებებში. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ცენტრმა ერთობლივად დააარსეს საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია და 2016 წლის 18 ოქტომბერს საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს CEFC China Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიანჯუნ ზანგი.
კვლევის ნაწილია ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უფრო და უფრო მეტს ყიდულობს.
საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების დაახლოებით 70-80% აღჭურვილია ჩინური წარმოების სათვალთვალო კამერებით. ამ კამერების უმეტესი ნაწილი, რომელიც მუშაობს სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, წარმოებულია სანქცირებული ჩინური კომპანიების მიერ: Hikvision და Dahua Technology. გარდა ამისა, თბილისის მერია იყენებს ჩინეთის მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (HikCentral) სათვალთვალო სისტემების მართვისა და მხარდაჭერისთვის.
შესყიდვების კუთხით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაზე მეტი დახარჯა ჩინურ სათვალთვალო აღჭურვილობაზე, დანახარჯმა ჯამში დაახლოებით 630,000 აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის ოქტომბერში ჩინეთის მთავრობამ საქართველოს საბაჟო შემოწმების სისტემები უსასყიდლოდ გადასცა. აღჭურვილობა ჩინურმა კომპანია Nuctech-მა მიაწოდა. 2020 წელს შეერთებულმა შტატებმა Nuctech (Tongfang NucTech Technology Ltd.) მრეწველობის ბიუროსა და უსაფრთხოების სუბიექტების სიაში დაამატა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების მოტივით.
