საქართველოში „ყველის გზის“ რუკა შეიქმნა – რა შესაძლებლობები და პერსპექტივები უჩნდებათ მეწარმეებს

საქართველოში „ყველის გზის“ რუკა შეიქმნა. რას ნიშნავს ეს ყველის მწარმოებლებისთვის და რა ეტაპზე გადაიყვანს სექტორს, ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში რძის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კონიაშვილმა ისაუბრა.
კახა კონიაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე „ყველის გზაში“ შევიდა 35 მეწარმე, რომლებმაც დააკმაყოფილეს არსებული კრიტერიუმები, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორისაა: სურსათის უვნებლობა, ტურისტული ჯგუფების მიღებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ „ყველის გზაში“ მონაწილე მეწარმეების რიცხვი გაიზრდება.
„ყველა ის კომპანია, რომელიც ამ „ყველის გზაში“ შევიდა არის მცირე ან საშუალო კომპანია, მსხვილი კომპანიები თბილისში არიან კონცენტრირებული და ნაკლები შესაძლებლობაა, რომ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში სრულყოფილად ჩაერთონ. მცირე საოჯახო საწარმოებს ამ მხრივ განვითარების პოტენციალი გააჩნიათ, იმიტომ რომ რეგიონში იქნება უნიკალური პროდუქტი და ჯერ კიდევ შემორჩენილია ამის კულტურა“- განაცხადა კახა კონიაშვილმა.
ყველის გზასთან დაკავშირებით შექმნილია ორენოვანი ვებგვერდი cheeseroute.ge, რომელზედაც განთავსებულია ყველა მონაწილის შესახებ ინფორმაცია და რუკა.
„ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ტურ-ოპერატორებთან და სააგენტოებთან, რომ შეიქმნას ტურისტული პაკეტები და შეიტანონ ყველის გზის მარშრუტები. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებებთანაც. ამ მეწარმეებთან ჩავატარეთ ტრენინგები სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, მომავალშიც გავაგრძელებთ სწავლებებს, რომ თვითონ მეწარმეებმა მეტი ინიციატივა გამოიჩინონ და კონტაქტი იქონიონ ტურისტულ სექტორთან, რომ მიზიდულობის ცენტრები შექმნან საკუთარ მუნიციპალიტეტებში,“- აღნიშნა კახა კონიაშვილმა.
მეწარმეს ყველის გზაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოთხოვნის გაგზავნა ვებ გვერდის საშუალებით შეუძლია. რის შემდეგაც მას უკავშირდება ყველის გზის წარმომადგენელი, ახორციელებს მასთან ვიზიტს, კრიტერიუმების დაკმაყოფლებასთან დაკავშირებით ივსება სპეციალური კითხვარი, რომლიდან მიღებული ქულების შესაბამისადაც მეწარმე ან ხდება ყველის გზის წევრი, ან დგება რიგში, რომ კრიტერიუმების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ გახდეს წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ