საქართველოში ქალი პატიმრების რაოდენობა მზარდია – მათი 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა

მოკლედ
· საქართველოში მზარდია პატიმართა რაოდენობა – მათ შორის შეუქცევადად იზრდება ქალი პატიმრების რიცხვი.
· 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ქართულ ციხეებში 496 ქალი პატიმარია – მათი 25% ჯერ მხოლოდ ბრალდებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებას საპატიმროში ელის.
· ქალი პატიმრებიდან მხოლოდ 44-ია წარსულში ნასამართლევი.
საქართველოს ციხეებში პატიმრების რიცხვი სწრაფად იზრდება. 2025 წლის აგვისტოში 1 432-ით მეტი კაცი პატიმარი და 100-ით მეტი ქალი პატიმარია ციხეებში, ვიდრე ეს ამავე წლის იანვარში იყო.
რადიო თავისუფლებამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჰკითხა, რაა ის დანაშაულები, რომლისთვისაც ქალები ციხეში ხვდებიან. უწყებისგან ზოგადი პასუხი და ნაკლებად დეტალური სტატისტიკა მივიღეთ, საიდანაც ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ქალი საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ზის ციხეში. მათი რიცხვი, ვინც ამ ბრალდებით მოხვდა საპატიმროში უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური დანაშაულისა და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ჩამდენების ჯამში.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში შედის მაგალითად ქურდული სამყაროს წევრობა, სტრატეგიული შენობების ხელში ჩაგდება, ბლოკირება, იარაღის უკანონო შეძენა/ტარება, ხულიგნობა.
პენიტენციური უწყებისავე მონაცემებით, დღეს ციხეებში ქალი პატიმრების 25% სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია და ჯერ მსჯავრდებული არ არის.
ქალი პატიმრებიდან 150, ანუ მათი 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. რა დანაშაულებში არიან ისინი ბრალდებულები, ეს მონაცემები რადიო თავისუფლებამ ვერ მოიპოვა.
თუმცა, ზოგადად, პატიმართა რაოდენობის ზრდის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაპატიმრების მაჩვენებელიც იზრდება.
თუკი 2025 წლის იანვარში ქართულ ციხეებში უცხო ქვეყნის 1 022 მოქალაქე იჯდა 54 ქვეყნიდან, 2025 წლის აგვისტოში უცხოელი პატიმრების რიცხვი 61 ქვეყნიდან 1 347-მდე გაიზარდა. უცხოელ პატიმრებს შორის ყველაზე დიდ წილს შეადგენენ თურქეთის მოქალაქეები (34% აგვისტოს მდგომარეობით), შემდეგ მოდიან (11,95%), აზერბაიჯანი (8,83%), (7,8%) და ირანი (5,42%).
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო “თავისუფლების დილის” წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.