ფიტნესსექტორში ბოლო 2 წლის მანძილზე იმდენად დიდი ინვესტიციები ჩაიდო, მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა რომ მიჰყოს ხელი ჯანსაღი ცხოვრების წესს, საკმარისი ესეც არ იქნება,- ამის შესახებ „რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორმა გიორგი ფუტკარაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას ფიტნესსექტორზე, ისევე როგორც მთლიანად ბიზნესს გარემოზე, უარყოფითი გავლენა აქვს.
,,პანდემიის შემდგომ პერიოდს ფიტნეს სექტორში გარკვეული მზარდი დინამიკა მოჰყვა, ამას დაერთო რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში ჩამოსული ადამიანების ნაკადი, რამაც ბაზარზე ფუჭი ინვესტიციების განხორციელება გამოიწვია. თუ რაღაც არ შეიცვალა საგადასახადო კუთხით და არ დასტაბილურდა პოლიტიკური სიტუაცია, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ნებისმიერი სფერო ძალიან დიდი კრიზისის წინაშე დადგება”,- ამბობს ფუტკარაძე.
„რეფორმერ ფიტნესის“ დირექტორის ინფორმაციით,საქართველოში ფიტნეს სექტორი, ძირითადად, უცხო ქვეყნების მოქალაქეების ხარჯზე მუშაობს.
,,ყველანაირი ზრდა, რაც ციფრებში გამოისახება, იმის შედეგია, რომ უცხოელი მოქალაქეები აღმოჩნდნენ საქართველოში და მათი დანაზოგები ჩვენს ქვეყანაში დაიხარჯა. ამ ვითარებას საგადასახადო კუთხით არანაირი შემსუბუქება არ მოჰყოლია. ადრე თუ გვიან ეს ომი დამთავრდება, ჩვენი სტუმრები თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან და ახალი ბიზნესები კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან.
ბოლო 2 წლის მანძილზე ფიტნეს სექტორში იმდენად დიდი ინვესტიციები ჩაიდო, მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა რომ მიჰყოს ხელი ჯანსაღი ცხოვრების წესს, საკმარისი ესეც არ იქნება. ქართველებს, ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები აქვთ”,- აღნიშნა გიორგი ფუტკარაძემ “კომერსანტთან” ინტერვიუში.
