აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი მეჯნუნ მამადოვი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან ფაიგ გულიევთან და აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ქართულ-ფრანგულ ერთობლივ საწარმოს „ფუდ ალიანსი“ ეწვია. დელეგაციას „ფუდ ალიანსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟაკ მარი ფლურიმ და დირეტორმა ვახტანგ კოხრეიძემ უმასპინძლეს.
სტუმრებმა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე საწარმო დაათვალიერეს. დელეგაციის წევრები წარმოების სრულ ციკლს, უსაფრთხოების სისტემებს და ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს გაეცნენ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღრმა გაყინვის ტექნოლოგიას, რომელსაც კომპანია პროდუქციის მაღალი ხარისხისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად იყენებს. აღნიშნული მეთოდი ევროპაში ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო საქართველოში მისმა დანერგვამ წარმოების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა.
ჟაკ მარი ფლურიმ სტუმრებს მიმდინარე პროექტები, ტექნოლოგიური განახლების გეგმები და წარმოების განვითარების მიმართულებები გააცნო.
„დიდი მადლობა გვსურს გადავუხადოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც ყურადღებას აქცევს მსგავს საწარმოებს და ხელს უწყობს მათ განვითარებას. ჩვენი გუნდისთვის დიდი პატივია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მაღალი დონის დელეგაციის სტუმრობა. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი, რომელიც „ფუდ ალიანსის“ აზერბაიჯანის ბაზარზე ოპერირებას გულისხმობს“, – განაცხადა ჟაკ მარი ფლურიმ.
მხარეებმა აგროსასურსათო სექტორში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს, მათ შორის, ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პოტენციალზე.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს




