საქართველოში რძის პროდუქტების წარმოება ბევრად უფრო კარგად კონტროლდება, ვიდრე მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში – კახა კონიაშვილი

რძის პროდუქტების წარმოება ბევრად უფრო კარგად კონტროლდება, ვიდრე მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში,- ამის შესახებ რძის მწარმოებელთა გაერთიანების თავმჯდომარემ, კახა კონიაშვილმა “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უფრო მეტად გაამკაცრა კონტროლი რძის ნაწარმზე როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე – იმპორტირებულზე.
,,მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ადრეც და ახლაც რძის პროდუქტების წარმოება მაქსიმალურად კონტროლდება, ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში.
მომხმარებელს შეუძლია, ამ მხრივ მშვიდად იყოს. ადრე გამოვლენილი ფაქტი იყო არა ადგილობრივ, არამედ იმპორტირებულ პროდუქტში, რომელიც ქართული დასახელებით სხვა ქვეყანაში იწარმოებოდა. კონტროლი გამკაცრებულია ყველა ეტაპზე – ნედლეულის თითოეული პარტიაც კი მოწმდება, არა მხოლოდ ნედლ რძეზე მაქვს საუბარი, არამედ იგულისხმება ინგრედიენტებიც, რომელიც ქვეყანაში შემოდის. ფაქტობრივად, გამორიცხულია, დარღვევა მოხდეს.
მივესალმებით სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას, რომ მომხმარებელმა არ შეიძინოს რძის პროდუქტი არაორგანიზებული ვაჭრობის ობიექტებში, რადგან არაორგანიზებული ვაჭრობის ობიექტები და არალეგალური მწარმოებლები ვერ კონტროლდებიან”,- ამბობს კონიაშვილი.
კონიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არაორგანიზებული ვაჭრობის ობიექტებს ყველის ბაზრის 60-70% უკავიათ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არაორგანიზებულ ობიექტებზე ვაჭრობა ბევრად იაფია, იზრდება რისკი რძის პროდუქტებში საშიში ნივთიერებების მოხვედრის.
,,თუ ვისაუბრებთ ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის არაჟანი, ხაჭო, მაწონი და ასე შემდეგ, აქ, რა თქმა უნდა, კომპანიების წილი მნიშვნელოვნად მეტია, რადგან არალეგალური მეწარმეები რძემჟავა პროდუქტს არ აწარმოებენ. რთული სიტუაციაა ჯერჯერობით ყველის მიმართულებით, განსაკუთრებით ისეთი ყველის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, მწარმოებელი პასტერიზაციას არ უკეთებს, საუბარია იმერულ ყველზე. ასეთი ყველი საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებლით არის წარმოდგენილი და ბაზრის დაახლოებით 60-70% უჭირავს”,- აღნიშნა კონიაშვილმა “კომერსანტთან” ინტერვიუში.