საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7%-ია დაზღვეული – პოლისების რაოდენობა მზარდია

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია. ამის შესახებ სადაზღვევო ბაზრის 9 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) პოლისების რაოდენობა მზარდია. კერძოდ, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 135 019 მოქმედი პოლისია, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებით, 122 360 პოლისი იყო, ხოლო 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით – 110 639.
მოზიდული პრემიის მოცულობით, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობა მეორე პოზიციაზეა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ. მიმდინარე წლის 9 თვეში ამ მიმართულებით სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ 192 მლნ ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2024 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 243 მილიონი ლარის სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 115 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾63 მლნ) 1.8-ჯერ აჭარბებს.