საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ “ბიზნესპარტნიორი” ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ ილია ოქრომელიძეს ესაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოში არ არსებობს რეგიონი, სადაც რაღაც გამორჩეული არ ხდება. ილია ოქრომელიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ტურისტულად ძირითადი აქცენტი სვანეთზე, ყაზბეგსა და კახეთზე კეთდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა რეგიონებს ტურისტული პოტენციალი არ აქვთ.
მაგალითად, როგორც ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, საქართველოში ათასობით მღვიმეა და მათგან ძალიან ცოტაა შესწავლილი. ილია ოქრომელიძის განცხადებით, შესწავლასა და კვლევას – ფინანსები და დარგის მაღალი დონის სპეციალისტები სჭირდება, რაც პრობლემაა.
“საქართველოს განსაკუთრებით დიდი ტურისტული რესურსი აქვს არაცოცხალი ბუნების ღირსშესანიშნაობების კუთხით. მათ შორის, კანიონები, მღვიმეები, ჩანჩქერები და სხვა. გარდა ამისა, ამასთან სინთეზში მნიშვნელოვანია იქ არსებული არამატერიალური კულტურა, რომელიც ამ ყველაფერს აქცევს ტურისტულ პროდუქტად. მღვიმეების მხრივ ძალიან ნაკლებად შესწავლილი და მაღალი პოტენციალის არის იმერეთის მხარე. ასევე, ძალიან საინტერესო და ჯერჯერობით ნაკლებად დატვირთულია ლეჩხუმის და მთიანი აჭარის მხარე. რთულია ასე ჩამოთვლა, რადგან არ არსებობს საქართველოში რეგიონი, სადაც რაღაც გამორჩეული არ ხდება. ძირითადი აქცენტი არის სვანეთზე, ყაზბეგზე, კახეთზე და გარკვეული არეალები ჯერჯერობით ნაკლებად განვითარებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პოტენციალი არ აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია რა ტურისტულ რესურსს ფლობს ჩვენი ქვეყანა. ასეთი ბაზა არ არსებობს და ეს ძალიან ართულებს ტურისტული პროდუქტის შექმნის პროცესს. სახელმწიფომ უნდა შექმნას ერთიანი ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული.
მაგალითად, რამდენიმე ათასი მღვიმეა საქართველოში, მაგრამ დეტალური კვლევა ძალიან ცოტას აქვს ჩატარებული, რადგან ამას სჭირდება ფინანსური რესურსები და დარგის სპეციალისტები, რაც ორივე კუთხით პრობლემაა”, – აცხადებს ილია ოქრომელიძე.
bp.ge