ლუდის ადგილობრივი მოხმარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება და 2024 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწია.
TBC Capital-ის სექტორული კვლევის მიხედვით, გასულ წელს ქართული ლუდის ექსპორტის მოცულობა 15%-ით შემცირდა და 5.9 ათასი ტონა შეადგინა. მანამდე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის ექსპორტში ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა: 2020 – 5.5 ათასი ტონა, 2021 – 3.1 ათასი ტონა, 2022 – 5.1 ათასი ტონა, 2023 – 6.9 ათასი ტონა, 2024 – 5.9 ათასი ტონა.
ქართული ლუდის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ყაზახეთი – 31%, სომხეთი – 18%, რუსეთი – 8%, აზერბაიჯანი – 5%, ისრაელი – 5%.
გასულ წელს 1 ლიტრი ქართული ლუდის საექსპორტო ფასი უცვლელად დარჩა და $1.11 შეადგინა. 2024 წელს საქართველოში იმპორტირებული ლუდის მოცულობამ 15.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 32%-იანი ზრდაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის იმპორტი შეუქცევადად იზრდება და წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2020 – 6.6 ათასი ტონა, 2021 – 7.1 ათასი ტონა, 2022 – 10.7 ათასი ტონა, 2023 – 11.7 ათასი ტონა, 2024 – 15.5 ათასი ტონა. 2024 წელს საქართველოში ლუდის იმპორტი ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა: გერმანია – 31%, რუსეთი – 17%, თურქეთი – 15%, ჩეხეთი – 7%, უკრაინა – 6%.
რაც შეეხება ფასს, იმპორტირებული ლუდის საშუალო ფასი წლიურად 7%-ით $1.20-მდე, შემცირდა.
