ვერ გეტყვით რა მოხდება, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ეს არის დიდი ტანჯვა დანაკარგებით და უნდა ვიფიქროთ, რა არის საუკეთესო ხალხისთვის, – ასე პასუხობს საქართველოში ისრაელიც ელჩი, ჰადას მეიცადი შეკითხვას: „ახლა უკვე როგორი სცენარით განვითარდება მოვლენები და მოვლენათა განვითარების რომელი სცენარისთვის ემზადება ისრაელი?“.
ისრაელის დანაკარგებზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სისტემები კარგად მუშაობს და სახელმწიფო ცდილობს, რომ დაშავებულების და დაღუპულების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს.
„სამწუხაროდ, გვყავს 24 დაღუპული და ასობით არის დაზიანებული ამ თავდასხმის შედეგად. თითოეულ თავდასხმას მოჰყვება აფეთქება ავტობუსების, ეს თავდასხმები პირდაპირ გამიზნულია სახლებისკენ და ეს იწვევს დაზიანებას. ჩვენ ვსაუბრობთ ასობით თავდასხმაზე, ოცზე მეტი დაზიანებაა სხვადასხვა მნიშვნელოვანი შენობის. მხოლოდ ამ კვირაში ამ თავდასხმების შედეგად ისრაელის ერთ-ერთი მთავარი საავადმყოფო დაზიანდა. საზოგადოებას დიდი ზიანი მიადგა, მაგრამ არ ყოფილა ადამიანური მსხვერპლი ამ შემთხვევაში.
საბოლოოდ ჩვენ წინ მივიწევთ, გვაქვს თავდაცვის სისტემები. ადამიანები თავშესაფრებში არიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სახლები დაზიანდება. რა თქმა უნდა, თითოეული დანაკარგი მძიმეა. ჩვენი თავდაცვის სისტემები კარგად მუშაობს, ჩვენ ვცდილობთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ დაშავებულების და დაღუპულების რაოდენობა. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წინა კვირას დაიღუპა, იყო ასაკოვანი ადამიანი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა და ემსხვერპლა ირანის თავდასხმას“, – განაცხადა ჰადას მეიცადიმ.
